რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე მუშაობს და ეს რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ეხება.

„უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის პრეტენზიები მორიგ გაფართოებასთან დაკავშირებით. იქ დაიწყეს ისეთი სახელმწიფოების გაწევრიანების გეგმების შემუშავება, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და ასევე სომხეთი. ეს გეგმები პირდაპირ ეხება ჩვენი სამშობლოს სტრატეგიულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა კარასინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ევროკავშირის მილიტარიზაციის შედეგად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილ საფრთხეებს მიეძღვნა.

აქვე კარასინმა გაიხსენა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბრკოლებას არ შეუქმნის.

მისი თქმით, ამით ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, გაერთიანებაში მიიღოს სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც, 1992 წლის სამშვიდობო მოწესრიგების პრინციპების შესახებ შეთანხმების თანახმად, რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან.

„ასეთ ვითარებაში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, – თქვა კარასინმა. მისი თქმით, მსგავსი ვითარება შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაშიც, თუ ევროკავშირი „თანამედროვე უკრაინას შთანთქავს“.

კარასინის მტკიცებით, ამჟამად ევროკავშირსა და რუსეთს შორის ტერიტორიული კონფლიქტი არ არსებობს, თუმცა ის შეიძლება წარმოიშვას, თუ ევროპა უკრაინას მიიღებს ისე, რომ არ აღიარებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების, ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის ნებას, შეუერთდნენ რუსეთს.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნის მზადყოფნაზე საუბრობენ, რაც, მისი შეფასებით, რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

წყარო: ნეტგაზეთი