ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისა და ჩინეთის საპასუხო ზომების ირგვლივ პეკინსა და ვაშინგტონს შორის გაჩაღებული დისკუსია არ ცხრება. ჩინური სახელმწიფო გამოცემა „ჩაინა დეილი“ წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს „წუწუნი“ და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა მას შემდეგ, რაც „გლობალიზაციის მატარებლით უფასოდ იმგზავრა“.

„შეერთებულ შტატებს არავის ძარცვავს, - ნათქვამია 16 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, - პრობლემა იმაშია, რომ ათწლეულებია, აშშ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში არ ცხოვრობს. ისინი იმაზე მეტს მოიხმარენ, ვიდრე აწარმოებენ“.

„მათ თავიანთი წარმოება აუტსორსინგზე ააწყეს და ისესხეს ფული, რათა ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტი ჰქონდეთ, ვიდრე თავისი პროდუქტიულობიდან გამომდინარე ეკუთვნით. ამერიკის შეერთებულ შტატები არავის „მოუტყუებია“; ის, უბრალოდ, უფასოდ მგზავრობს გლობალიზაციის მატარებლით“.

„ჩაინა დეილი“ ასევე მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა „შეწყვიტოს წუწუნი იმის თაობაზე, თითქოს, მსოფლიო ვაჭრობის პროცესის მსხვერპლია და თავის კაპრიზულ და დესტრუქციულ ქცევას წერტილი დაუსვას“.

ჩინეთის კომპარტიის გამოცემა იუწყება, რომ დონალდ ტრამპის ხშირი წუწუნი იმის შესახებ, რომ აშშ „გაძარცვეს“, „ამერიკის საზოგადოების მოტყუების მცდელობაა“.

აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა გაახმოვანა დონალდ ტრამპის გზავნილი, რომ „ბურთი ახლა უკვე ჩინეთის მოედანზეა“.

„ჩინეთმა ჩვენთან გარიგება უნდა დადოს. ეს გარიგება ჩვენ კი არა, მას სჭირდება, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, - ჩინეთსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ის ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა“.

მთელი რიგი ურთიერთსაპასუხო ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ამჟამად ტარიფები შემდეგ ნიშნულზეა გაჩერებული: ამერიკის ბაზარზე შეტანილი ჩინური პროდუქცია 145 პროცენტით დაიბეგრება, ჩინეთში შესული ამერიკული საქონელი კი -125 პროცენტით.

ჩინეთი აზიაში პოზიციების განმტკიცებას ცდილობს

ოთხშაბათს პეკინის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ინდიკატორები უფრო დადებითი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები მოელოდნენ. ეს შეიძლება აიხსნას ექსპორტიორების აჩქარებით, რათა აშშ-ში თავისი პროდუქცია ახალი ტარიფების ამოქმედებამდე შეიტანონ.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებთ, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 5.4 პროცენტით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს აჭარბებს. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული ბიურო გამოდის გაფრთხილებით, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები „გარკვეულ ზეწოლას მოახდენს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ეკონომიკაზე“.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ამჟამად რამდენიმე აზიურ ქვეყანას სტუმრობს ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ „ტარიფების ომის“ დაწყებამდე დაიგეგმა და ემსახურება პეკინის მცდელობას, განამტკიცოს სავაჭრო ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან.

„ჩინეთი მზად არის, მშვიდობისა და ისტორიის განვითარების ტენდენციის შესაბამისად, პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მალაიზიასთან და ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია - რედ.) სხვა ქვეყნებთან. ეს ურთიერთობები გულისხმობს ტრაიბალიზმზე, ცალმხრივი მიდგომებსა და პროტექციონიზმზე უარის თქმას და მაღალი დონის სტრატეგიული ალიანსის შექმნას“, - განაცხადა სიმ მალაიზიაში გამგზავრებამდე.

წყარო: 1 არხი