აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დღეს „მეგობარი აქტი“ უნდა განეხილათ, გადაიდო. ამის შესახებ აღნიშნულია კომიტეტის ვებგვერდზე.
მანამდე, დღესვე სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ვებგვერდზე სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ „მეგობარი აქტის“ წარდგენის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან განცხადების თანახმად, მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;
მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;
გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.