ბოლო დროს შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სადამსჯელო ტარიფებით ბრძოლის ტემპი გაზარდეს. ბევრი ჩინელი მწარმოებლისთვის აშშ-ში თავისი პროდუქციის ექსპორტი მალე შეიძლება მომგებიანი აღარ იყოს. ამიტომ, ახლა ისინი ევროპისკენ სულ უფრო ხშირად იყურებენ. რას უნდა ნიშნავდეს ეს რიგითი მომხმარებლებისთვის?
მზის პანელები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები და, სულ უფრო მეტად - ტანსაცმელი, ქიმიკატები, მანქანები... იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც ჩინური კომპანიები ევროპის ბაზარზე ყიდიან, საკმაოდ ვრცელია. ხშირად, მათი ფასი ევროპული კონკურენტების ფასებზე საგრძნობლად დაბალია, რაც ადგილობრივ მომწოდებლებს საკუთარი ბაზრიდან გასვლას აიძულებს. ახლო მომავალში ასეთი ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს, სავარაუდოდ, მაშინ მოხდება, როდესაც ჩინელი ექსპორტიორები ევროკავშირის ბაზარზე გადაამისამართებენ საქონლის მთელ ნაკადს, რომელიც ადრე აშშ-ში შედიოდა.
საუბარია რამდენიმე ასეული მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე: ავტომანქანებზე, სათამაშოებზე, სამზარეულოს მოწყობილობებზე, ელექტრონულ საქონელსა და მანქანის ნაწილებზე. ამ ყველაფრის უკან დგას აშშ-სა და ჩინეთს შორის სატარიფო დავის გამწვავება, რამაც ჩინური კომპანიებისთვის შეიძლება სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი გახადოს აშშ-ში საქონლის ექსპორტი და ევროპა იაფი ჩინური პროდუქციის მოზღვავების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ზოგიერთ სექტორში ამის პროგნოზირება უკვე შეიძლება.
იაფი ჩინური ონლაინ-მოდა საცალო მოვაჭრეებს ანაცვლებს
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მრავალი სექტორი ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და მომხმარებელთა მხრიდან თავშეკავება შეინიშნება, მაინც არსებობს ერთი ბაზარი, რომელიც აყვავების გზაზეა: ეს არის ე.წ „სწრაფი მოდა“, ანუ იაფი ტანსაცმელი, რომელსაც განსაკუთრებით ახალგაზრდები ეტანებიან და მოკლე დროში სანაგვეზე უჩენენ ადგილს. ამ ბიზნესში დომინირებენ ისეთი ჩინური ინტერნეტ-პლატფორმები, როგორიცაა „ტემუ“ და „შეინი“. ბოლო დროს, ისინი სწრაფად განვითარდნენ.
ჩინეთიდან ევროკავშირში 22 ევროზე ნაკლები ღირებულების გაგზავნილი საქონლის რაოდენობა გასულ წელს თითქმის გაორმაგდა. სულ ბოლოს, მან ოთხ მილიარდზე მეტი ამანათი შეადგინა. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ შორეული აღმოსავლეთიდან მოძალებული მომწოდებლები დღეს უკვე რეალურ საფრთხეს უქმნიან ევროპელ საცალო მოვაჭრეებს. მომხმარებელთა უფლებების დამცველები ხშირად გამოდიან გაფრთხილებით, რომ ჩინური პროდუქცია, ხშირად, ადგილობრივ სტანდარტებს არ შეესაბამება და ზოგჯერ საშიშიც კი არის, მაგალითად, მაშინ, თუ შემოტანილი ჩინური ელექტროტექნიკა დაბალი ხარისხისაა.
ევროკავშირს სურს, „ტემუს“, „შეინის“ და სხვა კომპანიების მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს
ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ დაბალ ფასებში მოვაჭრე ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ ზომების მიღებას აპირებს. სხვა ღონისძიებებთან ერთად, ბრიუსელს სურს, ამანათების პროვაიდერებს საკომისიოს გადახდა დააკისროს. აქამდე, 150 ევროზე ნაკლები ღირებულების გზავნილები საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებული იყო.
ამ განზრახვამ ევროპული სავაჭრო ასოციაციების დიდი მოწონება დაიმსახურა. გერმანიაში, კონკურენციის ფედერალური ოფისი აპირებს, დაბალფასიანი საქონლით საცალო მოვაჭრეები უფრო მკაცრად აკონტროლოს. გერმანიის საცალო ვაჭრობის ასოციაციამ (HDE) „ტემუს“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მისი განცხადებით, ჩინური კომპანია ევროპულ სტანდარტებს ხშირად ვერ აკმაყოფილებს და, მომხმარებლების მოსაზიდად, უპატიოსნო მეთოდებს იყენებს. მაგალითად, აქვეყნებს ყალბი მიმოხილვებს და აცხადებს ყალბი ფასდაკლების კამპანიებს.
მეტი ჩინური საქონელი სულ უფრო დაბალ ფასებში
უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირის ბაზარზე ჩინური პროდუქცია იაფდება. გერმანიის ეკონომიკურმა ინსტიტუტმა (IW) გამოთვალა, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის ჯგუფებისთვის საშუალო ფასის ვარდნამ 2024 წელს 8.8%-ს მიაღწია. ამავდროულად, გაიზარდა იმპორტირებული პროდუქტების მოცულობა. ამრიგად, ჩინეთი სულ უფრო მეტ საქონელს სულ უფრო იაფად ყიდის.
ეს მომხმარებლისთვის, თავდაპირველად, სასიამოვნოა, თუმცა, პრობლემას უქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს. მაგალითად, ქიმიური პროდუქტების შემთხვევაში, იმპორტის ფასები ძალიან მკვეთრად დაეცა. ბავარიული ქიმიური კომპანიები, გერმანიაში მუშახელის მაღალი ხელფასისა და ენერგიაზე გაზრდილი ხარჯების გამო, აღმოსავლეთ აზიელებთან კონკურენციას ვეღარ უძლებენ.
ჩინეთში ექსპორტი სულ უფრო მცირდება
მართალია, რომ ჩინეთიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტი იზრდება, მაგრამ საპირისპირო სავაჭრო მარშრუტი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. IW-ის ბოლო კვლევების მიხედვით, ჩინეთში გერმანული პროდუქციის ექსპორტმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 16 პროცენტით იკლო. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო ბალანსი გერმანული ეკონომიკის საზიანოდ იცვლება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, IW-ის ექსპერტი, იურგენ მატესი „საგანგაშო დასკვნებსა“ და „გერმანიის საექსპორტი ბაზრის შიგნით მომხდარ აფეთქებაზე“ საუბრობს.
წყარო: 1tv.ge