საქართველოში არის დემოკრატიული უკან დახევა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ენტონი ბლინკენს საქართველოზე კითხვა ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა – „საქართველოს შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ახალი არჩევნები შეიძლება, იყოს გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. მოკავშირეებმა მიიღეს ზომები, მაგალითად, სანქციები, მაგრამ რას უნდა ველოდოთ? არის თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად“.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. რაც შეერთებულმა შტატებმა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიული უკან დახევა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკანდახევა, არამედ უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან მომავლის შენებისკენ, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან. ასე რომ, როდესაც დავინახეთ ეს დემოკრატიული უკუსვლა, დავინახეთ, რომ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიო ნების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლად და ღიად ისაუბრონ, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ ზომები. ჩვენ სანქციები დავუწესეთ „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს, შევაჩერეთ აშშ-ის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეუთო-ს ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, მათ შორის საფრანგეთთან ერთად, ჩვენ ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, თქვენ ხედავთ აშკარა ერთიანობას აშშ-ის, საფრანგეთს და ბევრ სხვა ქვეყანას შორის საქართველოს ხელისუფლების ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

პირველი არხი