უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებისგან გამოწვეული შედეგების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაახლოებით 10 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიტბორა. ამასთანავე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში 31 სარწყავი სისტემა წყლის გარეშე დარჩა.

სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს ამ სისტემებმა 584 000 ჰა მიწა სარწყავი წლით უზრუნველყო, საიდანაც ქვეყანამ დაახლოებით 4 მილიონი ტონა მარცვლეული და ზეთოვანი კულტურები მიიღო, რაც 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მოსავალი იყო. წელს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მხოლოდ 13 სარწყავი სისტემა მუშაობს.

კახოვკას ჰესზე მომხდარი აფეთქების გამო წყალი აღარ მიეწოდება ხერსონში სარწყავი სისტემების 94%-ს, ზაპოროჟიეში - 74%-ს და დნეპროპეტროვსკის რაიონებში -30%-ს.

„სამხრეთ უკრაინა შესაძლოა უდაბნოდ იქცეს“, - აცხადებენ უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროში.

ამავე ცნობით, კახოვკას წყალსაცავის გარეშე დაზარალდებიან არა მხოლოდ ფერმერები, არამედ დეფიციტი შეიქმნება სასმელ წყალზეც.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უარყოფითად აისახება თევზის მრეწველობაზეც. 

„კიდევ ერთი პრობლემა იქნება მტკნარი წყლის თევზის და სხვა ბიოლოგიური რესურსების შავი ზღვის მარილიან წყლებში შეღწევა და დაღუპვა. თავის მხრივ, შავი ზღვის ფაუნაც შეიძლება დაიღუპოს მტკნარი წყლის მასიური შემოდინებით“, - განმარტავენ სამინისტროში.

მეთევზეობის ინდუსტრიისთვის ზარალმა მხოლოდ ზრდასრული თევზის დაღუპვის შედეგად შეიძლება მიაღწიოს 95 000 ტონას. საერთო ჯამში, წინასწარი გათვლებით, ყველა ბიოლოგიური რესურსის დაღუპვის შედეგად ზარალი დაახლოებით 10,5 მილიარდ გრივნა იქნება. 

სამინისტროში განმარტავენ, რომ ახლა ყველა მონაცემი მხოლოდ წინასწარი შეფასებით არის დათვლილი. საბოლოო დასკვნების გაკეთება კი მხოლოდ წყლის დონის სტაბილიზების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა 6 ივნისს ღამით კახოვკის ელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქა. შედეგად 40 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.