„უკრჰიდროენერგოს“ პროგნოზით, კახოვკის კაშხლიდან წყლის გადინება პიკს დღეს დილისთვის მიაღწევს. ამის შესახებ განცხადება „უკრჰიდროენერგოს“ დირექტორმა, იგორ სიროტამ გააკეთა.
მისივე თქმით, თუ კახოვკის კაშხალი ქვედა ნაწილშია დაზიანებული, მაშინ სრულად დაიცლება წყლისგან, ხოლო დაზიანდა თუ ზედა მხარესაა, მაშინ, შესაძლოა, წყალი სამი მეტრის ნიშნულამდე დარჩეს.
„იმ დაზიანებიდან გამომდინარე, რასაც დღეს ღამე ვადევნებდით თვალს, დამბა ქვედა ნაწილშია დაზიანებული, ნულოვან ნიშნულზე. ჩვენ ველოდებით, რომ ოთხ დღე-ღამეში წყალსაცავი სრულად დაიცლება. შესაბამისად, ხერსონში, სამ მეტრზე მეტად აიწევს დონე, დნეპრის გასწვრივ და შავ ზღვამდე დაიტბორება 37 დასახლებული პუნქტი“, – განაცხადა სიროტამ.
მისივე თქმით, 7 ივნისიდან წყლის დონე დასტაბილურდება, მესამე-მეოთხე დღეს დაიწევს, ხოლო მეათე დღეს წყალი შავ ზღვაში ჩავა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა 6 ივნისს ღამით კახოვკის ელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქა. შედეგად 40 ათას ადამიანს ევაკუაცია ესაჭიროება.