აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მომავალი მრჩეველი, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი, ისევე როგორც მომავალი ადმინისტრაცია, ღრმად შეშფოთებულია რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის გამო და ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა სურს.
,,ნაბიჯი გადადგა ჩრდილოეთმა კორეამ… გადავდგით ჩვენც. რუსეთმა რეაგირება მოახდინა, ჩართულია ირანი. ჩართვაზე ფიქრობს სამხრეთი კორეაც. ჩვენმა მოკავშირეება გააფართოვეს მათი რაკეტების გამოყენების არეალიც. ასე რომ, ჩვენ ეს პასუხისმგებლიან დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ გვჭირდება შეკავების პოლიტიკის აღდგენა, მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მომავალმა მრჩეველმა ომის ესკალაციის თაობაზე კითხვის პასუხად.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ისაუბრა დონალდ ტრამპის სურვილზეც – რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს თითქმის 33-თვიანი ომი, რომელიც არაერთი ანალიტიკოსისა და მსოფლიო ლიდერის თანახმად, ,,გადამწყვეტ ფაზაშია“. თავად უოლცი კი, პირველ მსოფლიო ომს ადარებს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მომავალი მრჩეველის თქმით, კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, დონალდ ტრამპი ღიაა უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის ანექსიის დაშვება განიხილოს.
დიდი ხანია იმავეს ამბობენ ანალიტიკოსებიც. მათი ნაწილის აზრით, ტრამპის ,,მშვიდობის გეგმა“ შესაძლოა უკრაინელებისთვის ძალიან მძიმე დათმობებზე წასვლას გულისხმობდეს.
“ტრამპის გამოსავალი ავღანეთთად დაკავშირებით კატასტროფა იყო. ასევე ეს იყო კატასტროფა მომდევნო პრეზიდენტისთვის. უკრაინის შემთხვევაში კი ეს კატასტროფა მთლიანად ტრამპზე გადაივლის. ამიტომ, მას არ ენდომება ცეცხლის შეწყვეტა სრულად პუტინის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს. რადგან სწორედ თავად იქნება პასუხისმგებელი დანაკარგებზე. მოუწევს სახის შენრჩუნება უკრაინელებისთვის… ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ უკრაინელებმა შეინარჩნონ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც რუსები აღარ დაბომბავენ. როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ომს დაასრულებს, მან ეს მართლა უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, თუ პუტინი მის წინადადებას არ დათანახმდება, მაშინ ტრამპის ადმინისტრიაცია მიიღებს პირდაპირ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ“,-ამბობს იან ბრემერი, პოლიტიკური კონსულტანტი.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სატელევიზიო მამართვაში განაცხადა, უახლესი ექსპერიმენტული საშუალო რადიუსის ბალისტიკური სარაკეტო სისტემის „ორეშნიკის“ გამოცდა იყო მოსკოვის პასუხი კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების რაკეტების გამოყენებაზე.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, ანჯელა სტენტი, აღიარებს, რომ ვითარება ,,სახიფათოდ გამოიყურება“, თუმცა ამბობს იმასაც, რომ რუსეთის მუქარის გამო შეშინება არ ღირს.
,,ვითარება სახიფათო ჩანს, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ და არ უნდა დავმორჩილდეთ რუსეთს მუქარებსა და ესკალაციურ ქმედებებს. სწორედ ესაა, რაც პუტინს უნდა. მას სურს დასავლეთი და უკრაინა დანებებამდე მიიყვანოს. მას სურს ვთქვათ, რომ ბრძოლა აღარ შეგვიძლია. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი საშიში არ არის, რადგან არსებობს საფრთხეები რუსეთის მხრიდან, იმ მუქარების და სამხედრო მოქმედებების გათვალისწინებით, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე არ ვიმყოფებით“,- ამბობს ანჯელა სტენტი.
პარალელურად, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტების წინაშე უძლური იქნება და რომ ,,ასეთი იარაღი მსოფლიოში არავის აქვს“.
თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ზომების მიღების მიზნით, უკრაინის პარლამენტმა სხდომა გააუქმა. მკვეთრი ესკალაციის ფონზე, 26 ნოემბერს, ნატო-სა და უკრაინას შორის საგანგებო შეხვედრაა დაგეგმილი. გავრცელებული ცნობების თანახმად, შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება და დიპლომატები ახალი სარაკეტო თავდასხმების საფრთხეზე იმსჯელებენ.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია