ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებლის (LSM) ცნობით, უკრაინაში რუსეთის უკანონო სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის მიზნით ფულის გადარიცხვის გამო, ლატვიის მკვიდრი ქალბატონის მიმართ რიგის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ეჭვმიტანილისთვის წაყენებულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ მან, ბელარუსში მყოფი ნაცნობის მეშვეობით, აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს 42.86 ევრო გადაურიცხა.
პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში ბრალდებული გამოეხმაურა რუსეთში მცხოვრები თავისი ნაცნობის მოწოდებას რუსეთის არმიის სასარგებლოდ ფინანსური სახსრების გაღების თაობაზე, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის დრონების ჩამომგდები აღჭურვილობის შეძენას უნდა მოხმარებოდა.
აცნობიერებდა რა თავისი ქმედებების უკანონობას და იმ ფაქტს, რომ ლატვიის საკრედიტო დაწესებულებიდან რუსულ საკრედიტო დაწესებულებაში გადარიცხვის განხორციელება შეუძლებელი იყო, ბრალდებული დაუკავშირდა თავის ნაცნობს ბელარუსში და მისი სახელით რუსეთში ფულის გადარიცხვა სთხოვა, თუმცა გადახდის ნამდვილი მიზნის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამს. პროკურორების მტკიცებით, ბელარუსი ნაცნობი რუსეთში მცხოვრები პირის სახელზე ფულის გადარიცხვას დათანხმდა.
პროკურორების თქმით, შეწირულობამ 42.86 ევრო (157 ბელარუსული რუბლი) შეადგინა. ბრალდებული 2025 წლის 2 დეკემბერს დააკავეს და მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
სტანდარტული სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად, მისი ვინაობა არ სახელდება. იგი მოიხსენიება როგორც „ვალსტშპიდერიგა“ (valstspiederīgā) ანუ „ლატვიის მკვიდრი“. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან როგორც ლატვიის მოქალაქეები, ისე ე.წ. „არამოქალაქეები“. ეს უკანასკნელნი არიან ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომლებიც სარგებლობენ ლატვიის სახელმწიფოს დაცვით, მაგრამ არ აქვთ მიღებული მოქალაქეობა და, შესაბამისად, არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა. როგორც წესი, ეს ადამიანები საბჭოთა ეპოქის იმიგრანტებს წარმოადგენენ.
წყარო: 1 არხი