ნავთობის საერთაშორისო ფასები იზრდება, რადგან ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ენერგომატარებლებლების ტრანსპორტირებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ნავთობის მსოფლიო ვაჭრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელი მაღალი რისკის ქვეშ მოექცა, რაც ბაზრებსა და ბირჟებზე პირდაპირ აისახება.

ბრენტის მარკის ნავთობზე ფასების ზრდა მეორე დღეა გრძელდება; ცოტა ხნის წინ მან ბარელზე 80 დოლარს გადააჭარბა, რაც დღიურ 3.3%-იან მატებას ნიშნავს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, ფასები, შესაძლოა, 100 ან 120 დოლარამდე გაიზარდოს.

საბერძნეთში საბითუმო ფასების პირველი მნიშვნელოვანი მატება უკვე დაფიქსირდა, ძირითადად, დიზელზე და შედარებით ნაკლებად - არაეთილირებულ (ტყვიის შემცველობის არმქონე) ბენზინზე. მოსალოდნელია, რომ ხვალიდან კვირის ბოლომდე ეს ფასები ბენზინგასამართ სადგურებზეც აისახება, რაც ტვირთად დააწვება მომხმარებლებს.

ამავდროულად, ბუნებრივი აირის ფასმა მეგავატ-საათზე უკვე 50 ევრო შეადგინა, რაც 16%-იან ზრდას ნიშნავს და ინფლაციის ახალი ტალღის აგორების საფრთხის შემცველია. ენერგორესურსების გაძვირება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რაც ენერგეტიკული ინფლაციის დაბრუნების შიშს აჩენს.

მდგომარეობა ევროპულ საფონდო ბირჟებზე

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რომელიც კვლავაც არყევს ფინანსურ ბაზრებს, რასაც ახლა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიც დაემატა, სამშაბათს, 3 მარტს, ევროპულ საფონდო ბირჟებზე კოტირებები ვაჭრობის დაწყებისთანავე კიდევ უფრო დაეცა, ხოლო გაზის ფასები კვლავ მკვეთრად გაიზარდა.

ფრანკფურტის DAX (Deutscher Aktienindex) ინდექსი, რომელიც ფრანკფურტის ბირჟაზე მოვაჭრე 40 უმსხვილესი და ყველაზე ლიკვიდური გერმანული კომპანიის (blue-chip) აქციების ფასების დინამიკას ასახავს, 2.0%-ით დაეცა. პარიზის CAC 40-ი 1.8%-ით გაუფასურდა, ხოლო ლონდონის FTSE 100 1.4%-ით შემცირდა.

ნიდერლანდული TTF გაზის ფიუჩერსები, რომელიც ევროპულ ორიენტირად მიიჩნევა, 33 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ეს მოჰყვა ორშაბათის თითქმის 40%-იან მატებას მას შემდეგ, რაც კატარმა, სახელმწიფო გადამამუშავებელ ობიექტებზე ირანის თავდასხმების გამო, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოება შეაჩერა.

ამავდროულად, აზიის საფონდო ბირჟები დაღმავალი მიმართულებით მოძრაობენ და ევროპული ბაზრების რეაქციას ელიან. ხელახლა დაწყებული ენერგეტიკული ქაოსის ფონზე, საბერძნეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი და ევროჯგუფის თავმჯდომარე, კირიაკოს პიერაკაკისი შეხვედრების გასამართად ბრიუსელში, შემდეგ კი ლუქსემბურგში მიემგზავრება.

საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციასთნ (ERTnews) საუბრისას, ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის (NTUA) პროფესორის, პანტელის კაპროსის მიერ ფასებთან დაკავშირებით გამოთქმული პროგნოზი დამამშვიდებლად გამოიყურებოდა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ სიტუაცია „კონტროლიდან გამოვა“, თუ ჰორმუზის სრუტე დაინაღმება. „ბაზრები ყოველთვის არ იჩენენ წინდახედულობას“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

წყარო: 1 არხი