ისრაელის საელჩო საქართველოში ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ქართველი და ებრაელ ხალხების 2 600-წლიანი მეგობრობა დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს.
"ვიღაცამ ახლახან თქვა: "მეგობარი გასაჭირში იცნობა."
მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება - ის რთულ დროში გამოიცდება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ - ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47-წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა - ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები - ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში.
ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქყვეყანაში - ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს.
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს - ვირჩევთ. 2 600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს." - წერს ისრაელის საელჩო საქართველოში.
ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეული წარმომადგენელი" ირანის საელჩოში იყო მისული და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
"საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეულ წარმომადგენელს, მადლობელი ვარ, რომ დღეს მობრძანდით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში თბილისში, რათა მოწამებრივად დაღუპული ირანის ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად სამძიმრის წიგნში ხელმოწერა დაგეტოვებინათ. მეგობარი გასაჭირში იცნობა." - წერს სეიედ ალი მოჯანი.