ზოგადად, ეკონომიკური შოკი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესს ახლავს არა მხოლოდ დაზღვევის მიმართულებით, არამედ ყველა სხვა დაკავშირებული მომსახურების ფასებზე აისახება, - ამის შესახებ "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გავლენა კომპლექსურია და მოიცავს როგორც ტრანსპორტირებისა და იმპორტის გაძვირებას, ასევე ენერგეტიკისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების ზრდას, რაც საბოლოოდ სადაზღვევო პროდუქტების ფასზეც აისახება.
"ყველამ ვიცით საწვავი არის ეკონომიკის ხერხემალი და სწორედ აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ტრანსპორტირება და იმპორტიც გაძვირდა. ერთის მხრივ, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ინტელექტუალურ ბიზნესს, ფინანსურ ბიზნესს ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ პირდაპირპროპორციულია ამ ყველაფერთან. დაზღვევა კი, უშუალოდ ამ პროცესშია ჩართული. უზარმაზარი ფინანსური რესურსი გავიდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იმ ტვირთების გამო, რომელიც ჰორმუზის სრუტეში იყო გაჩერებული და ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი.
ზარალების მართვის პროცესი, იმპორტის გაძვირება, სამედიცინო მომსახურების გაძვირება, დენის ტარიფის გაძვირება, რომელიც შემდეგ კლინიკებზე აისახება, რა თქმა უნდა აკუმულირდება და სადაზღვევო პროდუქტშიც თავის ასახვას ჰპოვებს, მათ შორის, ინფლაცია თუ უფრო ვიწროდ ქვეყნის ჭრილში გადმოვალთ.
მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია შუა წელში რაიმე ინფლაციურ პროცესს ან საომარ მოქმედებას დააბრალო და მოახდინო ტარიფის ცვლილება და ჩვენი ინდუსტრია ამას ძალიან ლოალურად უდგება. ჩვენს სექტორში ფასწარმოქმნა ყოველთვის ინდივიდუალურად კლიენტზე არის მიმაგრებული. ბუნებრივია ყოველთვის ვითვალისწინებთ კატასტროფულ რისკებს, გლობალურ რისკებს და ა.შ. და ბუნებრივია ეს მზარდია ყოველწლიურად. განსაკუთრებით სახეობების მიხედვით - მაგალითად, სამედიცინოზე შეიძლება ეს იყოს უფრო მეტი ფასნამატი, მანქანების დაზღვევაზეც უფრო მეტი და ტერორისტულ და საომარ რისკებზე კიდევ უფრო გაძვირდეს პროდუქტი, მაგრამ შეიძლება იყოს პროდუქტი, რომელიც არ გაძვირდება, რადგან თავად რისკში და ზარალში მონაწილეობა ამ პროდუქტს არ მიუღია. ამიტომ ერთიანად, რომ ფასი პორტფელში ყველაფერზე გაძვირდება ვერ ვიტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად სახეობების მიხედვით დაზღვევის ფასები იქნება გაზრდილი", - აცხადებს ნინა კობახიძე.