კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken-ის საბანკო ქვედანაყოფმა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) საგადასახადო სისტემაზე წვდომა მოიპოვა. Kraken Financial გახდა პირველი ციფრული აქტივების ბანკი, რომელმაც შეზღუდული დანიშნულების ე.წ. „მასტერ-ანგარიში“ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას აძლევს, პირდაპირ დაუკავშირდეს აშშ-ის ძირითად საგადასახდელო სისტემებს, მათ შორის Fedwire-ს. შედეგად, ბირჟა გვერდს აუვლის შუამავალ ბანკებს, რაც ინსტიტუციური კლიენტებისთვის ფიატური ვალუტის ტრანსფერებს უფრო სწრაფს, ეფექტურს და იაფს გახდის.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ანგარიშის დამტკიცება ციფრული აქტივების ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რაც სექტორის ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებთან შერწყმასა და ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მზარდ ნდობაზე მიუთითებს. კანზას-სიტის ფედერალური ბანკის პრეზიდენტის, ჯეფ შმიდის განცხადებით, საგადახდელო გარემოს ევოლუციის მიუხედავად, აშშ-ის საგადახდელო სისტემის მთლიანობა და სტაბილურობა უწყების პრიორიტეტად რჩება. ანგარიში საწყისი ერთწლიანი ვადით დამტკიცდა, სერვისების დანერგვა კი ეტაპობრივად, პირველ რიგში ინსტიტუციური საქმიანობის მხარდაჭერით დაიწყება.
კრიპტოკომპანიებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც ამერიკის „მსოფლიო კრიპტო დედაქალაქად“ ქცევის პირობას დებს, სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს. Kraken, რომლის საბაზრო ღირებულება 2025 წლის ნოემბერში 20 მილიარდ დოლარად შეფასდა, აქტიურად აგრძელებს ინვესტირებას სხვადასხვა აქტივების კლასებში გაფართოებისთვის. კომპანიის თანააღმასრულებელი დირექტორის, არჯუნ სეთის თქმით, ეს მიღწევა კრიპტო ინფრასტრუქტურისა და სუვერენული ფინანსური რელსების კონვერგენციის ნიშანია, რაც Kraken-ს აშშ-ის საბანკო სისტემის პირდაპირ დაკავშირებულ წევრად აქცევს.