სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფაში ასეულობით მაღალკვალიფიციური ქალია ჩართული. მათივე ცნობით, ქალი სპეციალისტები წარმოდგენილნი არიან ავიაციის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით - საფრენოსნო ექსპლუატაციიდან საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებამდე.
სააგენტოს ცნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა.
„არსებული მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 149 ქალი ფლობს (სერტიფიცირებული ავიასპეციალისტების საერთო რიცხოვნობის 16%-ი). შედარებისთვის, 2021 წლის მონაცემებით, სერტიფიცირებული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა 100-ს შეადგენდა. შესაბამისად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა.
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელთაგან, რომელთა საერთო რაოდენობა 387-ს შეადგენს, 6 ქალი პილოტია (საერთო რაოდენობის 2%-ი) მათ შორის, ერთი ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას ფლობს, სამი კომერციული პილოტის მოწმობას, ხოლო ორი მათგანი მოყვარული პილოტია;
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მფლობელია 19 მფრინავი. მათ შორის არის მეგი ფირცხელიანი, რომელიც 2025 წელს გახდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პირველი სერტიფიცირებული ქალი მფრინავი საქართველოში;
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოქმედ მოწმობას 134 პირი ფლობს, მათ შორის 13 ქალია (მეთვალყურეთა საერთო რაოდენობის 10%-ი);
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობას 154 პირი ფლობს. ამ ეტაპზე მათ შორის მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული ქალი ტექნიკოსია. ია პაიჭაძეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობა 2024 წელს მიენიჭა;
საქართველოში სულ 46 სერტიფიცირებული ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტია (FDL), მათგან მხოლოდ 5 ქალი;
საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, სამოქალაქო ავიაციის სერტიფიცირებულ კატეგორიებს შორის ქალთა ყველაზე მაღალი ჩართულობა საქართველოშიც ბორტგამყოლის პოზიციაზე გვხვდება. დღეის მდგომარეობით, ბორტგამყოლებზე სულ გაცემულია 173 მოწმობა, აქედან - 123 ქალია (71%);
პარაპლანის მფრინავის მოწმობას ფლობს 94 პირი (სოლო და ტანდემ ფრენები), აქედან მხოლოდ ორი მფრინავია ქალი;
დღეისათვის, ავიასაწარმოებისა და ავიასპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის პროცესში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 34 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორია ჩართული, მათ შორის 10 ინსპექტორი ქალია (29%).
საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობის ზრდა უფრო ძლიერს, მრავალფეროვანს და წარმატებულს ხდის სამოქალაქო ავიაციის დარგს. სააგენტო მიესალმება ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობრივ ზრდას და მათ კარიერულ წინსვლას ავიაციის სფეროში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საავიაციო სექტორში დასაქმებულ ყველა ქალს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.