გერმანული გამოცემა "Deutsche Welle" (DW), ესაუბრა ცნობილ რუს ეკონომისტს, იგორ ლიპსიცს, რუსეთის ეკონომიკის შესახებ და 2026 წლის მოლოდინებზე, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მისი მოსაზრებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს.
"საინტერესოა მისი შემდეგი მოსაზრებები:
„რუსეთში ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად შეჩერდა. ეს მოსალოდნელი იყო. ინვესტიციები შემცირდა და შრომის პროდუქტიულობა შეჩერებულია".
"დავამატოთ ის სურათი, რომელიც ნავთობის ბაზარზეა. ექსპორტი შემცირებულია. რუსულ ნავთობზე ფასდაკლება იზრდება. სახელმწიფო ნავთობის შემოსავლებით ცხოვრობს. თუ ნავთობის შემოსავლები დიდია, რუსეთი ცხოვრობს. თუ შემოსავალი მცირდება, ცხოვრებაც მცირდება".
"ფასები ახლა დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ თვეში კიდევ ერთ ბიუჯეტის სეკვესტრს უნდა ველოდოთ, რადგან ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება. დამტკიცებული საბიუჯეტო ხარჯებიც კი შემცირდება. ბევრი ადამიანი ხელფასის გარეშე დარჩება და შემდეგ პენსიების გადახდაც შეფერხდება. ეს საშინელებათა ფილმი არ არის. ლოგიკა მკაცრი და უსიამოვნოა, მაგრამ ასეა საქმე".
"ხალხი მაღალი ინფლაციის პირობებში ცხოვრობს. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად არათანმიმდევრულია უწყებების მონაცემები: „Росстат“-ი 6.6%-ს აცხადებს, ხოლო ცენტრალური ბანკი მოსახლეობის ინფლაციის მოლოდინებს 14-15%-ზე აფასებს".
"ომები ყოველთვის ინფლაციური დაფინანსებით მიმდინარეობს. ომის ოთხი წლის განმავლობაში ფულის მასა გაორმაგდა, ხოლო პროდუქციის მიწოდება მაქსიმუმ 7-8%-ით გაიზარდა. ქვეყანა უზარმაზარი ფულის მასითაა სავსე, რომელსაც არაფერი უმაგრებს ზურგს. წინ კონფისკაციური ფულადი რეფორმაა მოსალოდნელი".
"როგორც წესი, ასეთი რეფორმები აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება. ომის დასრულება რუსებს არა მხოლოდ სიხარულს, არამედ ძალიან უსიამოვნო ფინანსურ შედეგებსაც მოუტანს".
"რუსეთის მოსახლეობას ამჟამად 63 ტრილიონი რუბლი აქვს საბანკო ანგარიშებზე. რუსულ კომპანიებს დაახლოებით იგივე თანხა აქვთ დეპოზიტებზე. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 40 ტრილიონია".
"ეს ყველაფერი ძალიან გვახსენებს საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს, როდესაც, სიტუაციის ნორმალიზების ერთადერთი გზა ფასების დერეგულირება იყო, რაც მაღალ ინფლაციას იწვევდა, რაც მთელ ამ ფულს წვავდა“, - წერს გოგიტა სურამელაშვილი.