რუსეთის მოქალაქეები ბანკებიდან თანხების მასობრივად გატანას განაგრძობენ, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მათი საბანკო დეპოზიტების კონფისკაცია დაიწყოს და თანხები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად გამოიყენოს. ამის შესახებ The Washington Post წერს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოს პირველ ორ კვირაში რუსეთის ბანკებიდან დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარი, ანუ 286.4 მილიარდი რუბლი, გაიტანეს.
ფულადი სახსრების გადინება წინა თვეებშიც მაღალი იყო. ივლისში მოქალაქეებმა ბანკებიდან დაახლოებით 7.3 მილიარდი დოლარი გამოიტანეს, ივნისში კი — 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი.
The Washington Post-ის ცნობით, რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „Sberbank“-ის ვიცე-პრეზიდენტი ტარას სკვორცოვი აცხადებს, რომ 2026 წელს ბანკებიდან გატანილი თანხის მოცულობამ შესაძლოა ორჯერ გადააჭარბოს იმ თანხას, რომელიც რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ წელს გამოიტანეს.
სკვორცოვის შეფასებით, მოქალაქეების მიერ თანხების გატანა დამატებით ზეწოლას ახდენს რუსეთის ფინანსურ სექტორზე, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა უიმედო ვალების ზრდა, რაც, თავის მხრივ, სამხედრო წარმოების დაფინანსების მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
ექსპერტების შეფასებით, მოქალაქეების ქცევაზე გავლენას ახდენს როგორც ომის გაგრძელება, ისე რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების გახშირება და ეკონომიკური გაურკვევლობა.
„დრონები დაფრინავენ. ყველაფერი იწვის. დაძაბულობა იზრდება. ხალხი ფიქრობს, რომ ნაღდი ფული ბალიშის ქვეშ უნდა შეინახონ და არა ბანკში, საიდანაც შეიძლება ფული ვეღარ დაიბრუნონ“, — აღნიშნავენ ექსპერტები.
თანხების ბანკებიდან მასობრივი გატანის გაგრძელებამ შესაძლოა რუსეთის საბანკო სისტემაზე დამატებითი ლიკვიდური წნეხი შექმნას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში სამხედრო ხარჯების ზრდა და პრობლემური სესხების მატება უკვე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მოამზადა გოგიტა სურამელაშვილმა