ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახურმა ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, „ბრალდებული სასმელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში ამზადებდა. მისი მიზანი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღება იყო“.

უწყების ცნობით, ალკოჰოლური სასმელები სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით მზადდებოდა და ცნობილი ბრენდების - „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის სახელით იყიდებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ჯამში 97 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.