სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი წელს რუსეთის იზოლაციის საზომი იქნება. 

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინაში შეჭრის ფონზე, ორგანიზატორებს მთავარი პოლიტიკური ფიგურების მოზიდვა უჭირთ. ღონისძიებაზე წელს ევროპელი და ამერიკელი ბიზნესლიდერები ფაქტობრივად არ იქნებიან. ფორუმში მონაწილეობისგან თავს იკავებს ასევე, რუსეთის მეზობელი, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ზოგიერთი ლიდერიც. 

შესაბამისად, სანქტ-პეტერბურგის 26-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ძირითადად ქვედა დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ. ასეთებია ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აზიის სახელმწიფოები.

ოთხდღიანი ღონისძიება გვიჩვენებს, თუ როგორ უწევს რუსეთს თავისი ეკონომიკური ურთიერთობების შეცვლა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გამო. 

როგორც ყოველთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ფორუმზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის ექსკანცლერი ანგელა მერკელი ოდესღაც გახმაურებული სტუმრები იყვნენ, წელს ყველაზე მაღალი დონის ევროპელი სტუმარი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო იქნება. იგი ვენესუელის ნავთობის მინისტრთან, პედრო ტელეჩეასთან ერთად გლობალური ენერგეტიკის პანელზე გამოვა სიტყვით.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შარშანდელ ღონისძიებაზე აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც პლენარულ სხდომაზე პუტინის გვერდით ჯდომისას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა საჯაროდ გამოხატა. წელს ის ღონისძიებას არ დაესწრება და ქვეყანას ფორუმზე ვიცე-პრემიერი რომან სკლიარი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტიმურ ჟაქსილიკოვი წარადგენენ.

სერბთა რესპუბლიკის (ბოსნია და ჰერცეგოვინას პოლიტიკური ერთეული) პრეზიდენტი მილორად დოდიკი, რომელიც გასულ თვეში კრემლში პუტინს შეხვდა, ფორუმზე დასწრებას არ აპირებს.

კუბის პრემიერ-მინისტრი მანუელ მარერო კრუზი რუსეთსა და ლათინურ ამერიკას შორის ურთიერთობების შესახებ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ჩინეთის ელჩი მოსკოვში ჟან ჰანჰუი და რუსეთში ჩინელ მეწარმეთა კავშირის ლიდერი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების პანელის სტუმრები არიან. რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების განხილვის ნაწილზე ინდოეთიდან, 12 მომხსენებლის ნაცვლად, მხოლოდ 2 გამომსვლელი წარდგება.

პროგრამის მიხედვით, ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმომადგენლობა ახლო აღმოსავლეთიდან იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალური პირების ჯგუფს ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს. ისინი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეხვედრას დაესწრებიან.

სანქტ-პეტერბურგის 26-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 14 ივნისს გაიხსნება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.