ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის გამოცხადებული აუქციონი შეწყდა.

Eauction-ის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა ბორჯომის პლატოზე დაახლოებით 5 ჰექტარი სახელმწიფო მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეწყდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 49 246 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი შეუწყდებოდა და გაიყიდებოდა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საწყის საპრივატიზაციო თანხად 3 940 000 ლარი იყო განსაზღვრული. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, თანხა აუქციონში გამარჯვებულ პირს 45 დღის ვადაში უნდა გადაეხადა.

ინფორმაციისთვის, ადგილზე უნდა განთავსებულიყო გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი ღია/დახურული აუზებით, სპორტული მოედნებით, ავტოსადგომით, გარე განათებათა და ა.შ.

ამ დოკუმენტის თანახმადვე, ადგილზე უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა უნდა მომხდარიყო.

პირს, რომელიც ტერიტორიას პრივატიზების გზით მიიღებდა, 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველეყო.

BPN.GE