აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიზელის ექსპორტის აკრძალვის თემაზე ყოველდღე საუბრობს, რადგან თეთრი სახლი ენერგიის ფასების მკვეთრ ზრდას ებრძვის.

ტრამპის თქმით, ექსპორტის აკრძალვა ბენზინის ფასზე უარყოფითად აისახებოდა, თუმცა დიზელის გაიაფებას შეძლებდა. მისივე განმარტებით, დიზელის გაძვირების მთავარი მიზეზი უკრაინა-რუსეთის ომია, რადგან ორივე მხრიდან მიყენებული დარტყმები ენერგომატარებლების წარმოებასა და ექსპორტზე მოქმედებს.

„ეს ის საკითხია, რაზეც ყოველდღე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბენზინზე უარყოფითი გავლენა ექნება, ის ცოტათი გაძვირდებოდა, დიზელი კი ცოტათი გაიაფდებოდა. ვფიქრობთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. დიზელს ახლა ყველაზე მეტად ახლო აღმოსავლეთი კი არა, რუსეთში მიმდინარე მოვლენები აზარალებს, რადგან იქაურ დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს საკმაოდ შემაშფოთებელი ტემპით არტყამენ. ეს რომ არ მომხდარიყო, დიზელის პრობლემა არ გვექნებოდა. რუსეთ-უკრაინის ომი დიზელისთვის ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტეზეცისაუბრა. მისი თქმით, ნავთობის ფასები დაიწყებს კლებას, რადგან სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობი გადის.

„ჩვენ მას პირდაპირი გაგებით ვმართავთ. სრული კონტროლი გვაქვს. თუმცა ეს, ალბათ, ყოველთვის შეიძლება, შეიცვალოს. ბოლო ორ დღეში ისტორიაში ყველაზე მეტი ნავთობი გამოვიდა“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.