„ესტონეთში თითქმის არ ყოფილა სერიოზული მსჯელობა იმაზე, თუ რა გახდა ლიეტუვის წარმატების მიზეზი. ამის ნაცვლად, თვითკმაყოფილება სუფევს და ყველას სჯერა, რომ პირველობას ისევ მალე დავიბრუნებთ”, - წერს ანალიტიკოსი ტონის საარტსი „ვიკერრადიოში“ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ წერილში.

გასულ წელს შევიტყვეთ, რომ ეკონომიკური განვითარების დონით ლიეტუვამ ესტონეთს გადაასწრო. როგორ მოხდა ეს? თუ ისტორიულ მაგალითებს გავიხსენებთ ვნახავთ, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა მოულოდნელად და გასაკვირად ბევრჯერ შეცვლილა.

მცირედმა იცის, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, პირველ მსოფლიო ომამდე, ბალტიის „ეკონომიკური ვეფხვი“ ლატვია იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს რიგა რუსეთის იმპერიის მესამე უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ცენტრად იქცა, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. 1913 წელს რიგის მოსახლეობა ტალინისას რვაჯერ აღემატებოდა. სწორედ ასეთი იყო ჩვენი ჩამორჩენილობა და პროვინციალიზმი ლატვიელებთან შედარებით. დღეს კი, პარადოქსულად, ლატვია ბალტიისპირეთის ყველაზე ღარიბ ქვეყანადაა ქცეული.

ასეთი ვითარება იყო საუკუნის წინ ლიეტუვაშიც: ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება ლატვიას და ესტონეთს მინიმუმ 20–30 წლით ჩამორჩებოდა. ეროვნული აღორძინებაც რამდენიმე ათწლეულით გვიან დაიწყო. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ესტონეთსა და ლატვიაში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი თითქმის 95 პროცენტს აღწევდა, ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50 პროცენტს სცდებოდა.

პირველმა მსოფლიო ომმა, რომლისგანაც ლატვია ბევრად უფრო დაზარალდა, ქვეყანა ეკონომიკური ლიდერის პოზიციიდან ჩამოაგდო და 1930-იანების ბოლოსთვის მისი კეთილდღეობა ესტონეთისას გაუტოლდა. ლიეტუვა კი მეზობლებს კვლავ დიდად ჩამორჩებოდა.

1941 წლის ზაფხულში ბალტიისპირეთში შესულ გერმანელ ჯარისკაცთა მოგონებებში ხშირად გვხვდება ტექსტები, თუ როგორ განსხვავდებოდა ლიეტუვა ლატვიისგან. ლატვიაში შესვლა „ევროპაში დაბრუნებას“ ჰგავდა. მისი ქალაქები, სოფლები და ხალხის ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდებოდა მაშინდელი აღმოსავლეთ პრუსიისაგან. ლიეტუვა კი მათ უფრო ბელარუსსა და აღმოსავლეთ პოლონეთს ახსენებდა.

პარადოქსულია, მაგრამ სწორედ საბჭოთა ეპოქამ აქცია ლიეტუვა ინდუსტრიულ სახელმწიფოდ. იძულებითი ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია ლიეტუვაში სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. მიუხედავად იმისა, როგორ ვაფასებთ დღეს საბჭოთა ეკონომიკურ პოლიტიკას, ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე ლიეტუვა ბალტიელ მეზობლებს განვითარებით უკვე უტოლდებოდა.

დამოუკიდებლობის პირველი ორი ათწლეულის (1990-2000-იან წლები) გახსენება ესტონელებს სიამაყით შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბევრ ექსპერტს ეგონა რომ ბალტიური ქვეყნებიდან ყველაზე მეტ წარმატებას ლატვია მიაღწევდა მისი პორტების, ინფრასტრუქტურისა და რიგის წყალობით, ასე არ მოხდა. ქვეყანა მალევე ჩაეფლო კორუფციაში, რეფორმები გაიწელა და ლატვია რუსეთთან ვაჭრობაზე გახდა დამოკიდებული. ლიეტუვის მდგომარეობა დიდად არ განსხვავდებოდა ლატვიისგან.

ესტონეთში დღემდე არსებობს მითი, თითქოს წარმატება მარტ ლაარის თავისუფალი ბაზრის რადიკალურმა რეფორმებმა მოგვიტანა. ეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. გადამწყვეტი როლი სწორედ პრივატიზაციას ჰქონდა. თუ ლატვიასა და ლიეტუვაში საეჭვო გარიგებები და ადგილობრივი ოლიგარქები დომინირებდნენ, ესტონეთში პროცესი შედარებით გამჭვირვალე იყო და მასში სკანდინავიური კაპიტალი შევიდა. ეს ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის დასავლურ, უსაფრთხო გარემოს ქმნიდა.

თუმცა ეს წარმატება ძირითადად წინა ათწლეულის ბოლომდე გაგრძელდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველი ნიშნები, რომ ლიეტუველებმა რამდენიმე სტრატეგიულ საკითხში უკეთესი არჩევანი გააკეთეს. ექსპერტების თქმით, ლიეტუვამ ენერგეტიკის სექტორში აუცილებელი ინვესტიციები ჩვენზე ადრე განახორციელა, რის გამოც ენერგეტიკული კრიზისისთვის მეტად მომზადებული აღმოჩნდა.

ლიეტუვის საექსპორტო ბაზარი უფრო მრავალფეროვანია. მთავრობამ აქტიური სამრეწველო პოლიტიკა ჩვენზე ადრე დაიწყო და ახალი ტექნოლოგიების სექტორშიც მოახერხა დივერსიფიკაცია. ესტონეთის ინოვაცია კი თითქმის მთლიანად IT-სფეროს მოიცავს და „ელექტრონული სახელმწიფოს“ მითით შთაგონებული, ხშირად თვითკმარად გამოიყურება. ლიეტუველები არ შეუშინდნენ კრიტიკულ მომენტებში სესხის აღებას და ევროკავშირის ფონდებიც უფრო ეფექტიანად გამოიყენეს ინფრასტრუქტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში. ესტონეთში კი წლების განმავლობაში ბალანსირებული ბიუჯეტი ფაქტობრივად ფეტიშად იყო ქცეული.

შედეგად, ლიეტუვა ბევრად ნაკლებად დაეყრდნო თავისუფალი ბაზრის „უხილავ ხელს“, ვიდრე ჩვენ. სახელმწიფო ბევრად უფრო აქტიურად ჩაერია ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ კი გვჯეროდა, რომ ძველი ფორმულა „ბაზარი ყველაფერს თავად მოაგვარებს“ და „სახელმწიფო ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიოს“ სამუდამოდ შეგვინარჩუნებდა პირველობას.

ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ესტონეთში დღემდე არ არსებობს სერიოზული დისკუსია ლიეტუვის წარმატების ფორმულაზე. ნაცვლად ამისა, თვითდაჯერებული რწმენა სუფევს. ვფიქრობთ, რომ პირველობას მაინც დავიბრუნებთ. ჩვენ ვემალებით უხერხულ კითხვებს: ხომ არ ამოწურა თავისი რესურსი ესტონეთის ძველი მოდელმა? ალბათ, აქვე ღირს გავიხსენოთ ტომას ჰენდრიკ ილვესის სიტყვები: „რამაც აქამდე მოგვიყვანა, წინ ვეღარ წაგვიყვანს.“

1 არხი