2007 წელს, როცა ჩინური კომპანია BYD ავტომობილების ინდუსტრიაში გამოჩნდა, მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა, უკვე დღეს კომპანიამ ელექტრომობილების გლობალური გაყიდვებით ამერიკულ ავტომწარმოებელ Tesla-ს გაუსწრო. ამავდროულად, BYD-მა ჩინეთში შესაძლოა ბაზრის ლიდერი Volkswagen-იც კი შეცვალოს.

რა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა კომპანია ასეთ წარმატებამდე? ამის შესახებ New York Times წერს. 

BYD თავდაპირველად ბატარეებს აწარმოებდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა ძალები საავტომობილო სექტორში ეცადა. პირველი მოდელი მან 2007 წლის გუანჯოუს ავტო შოუზე წარადგინა. ავტომობილი არათანაბრად იყო შეღებილი, კარს კი მონტაჟის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ბრენდს აშკარად დასცინოდნენ.

დაცინვა და არასერიოზული დამოკიდებულება წარსულს 2023 წლის ბოლოს ჩაბარდა, როცა BYD-მა Tesla-ს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვებით გაუსწრო.

კომპანია აშენებს რეალიზაციის ხაზებს ბრაზილიაში, უნგრეთში, უზბეკეთსა და ტაილანდში და მალე გამოჩნდება ინდონეზიასა და მექსიკაში. BYD სწრაფად ზრდის ექსპორტს ევროპაში, ჩინეთში და ემზადება ბაზრის ლიდერის - Volkswagen Group-ის ჩასანაცვლებლად. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, BYD-ის გაყიდვები, რომელთა 80%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის, წელიწადში დაახლოებით მილიონი მანქანით გაიზარდა. ბოლო ავტომწარმოებელი, რომელმაც აშშ-ის ბაზარზე ასეთი წლიურ შედეგებს მიაღწია, General Motors იყო. 

ჩინეთის ავტომწარმოებლების უმეტესობის მსგავსად, BYD არ ყიდის მანქანებს შეერთებულ შტატებში ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაწესებული ტარიფების გამო. ქვეყანაში მხოლოდ BYD ავტობუსებია ხელმისაწვდომი.

BYD ლიდერობს ჩინეთიდან ელექტრომობილების ექსპორტის კუთხით და სწრაფად აშენებს მსოფლიოს უდიდეს საზღვაო გემებს მათი ექსპორტისთვის. პირველ BYD Explorer No. 1 გემს უკვე გადაჰყავს 5 000 ელექტრომობილი შენჟენიდან, რომლებიც ჰოლანდიაში 21 თებერვლამდე უნდა ჩავიდეს.

ჩინეთისა და BYD-ის წარმატება ყურადღებას სულ უფრო მეტად იქცევს. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა იანვარში შემოსავლების შესახებ საუბრის დროს განაცხადა, რომ თუ სავაჭრო ბარიერები არ დაწესდება, ჩინელი ავტომწარმოებლები მსოფლიოში „ავტომწარმოებელი კომპანიების უმრავლესობას გაანადგურებენ“.

BYD-ის წლიური ანგარიშების მიხედვით, კომპანიამ 2008 წლიდან 2022 წლამდე მთავრობისგან სუბსიდიის სახით 2,6 მილიარდი დოლარი მიიღო. მან ასევე მიიღო სხვა სახის დახმარება: მაგალითად, ტაქსის კომპანიებს BYD-ის მშობლიურ ქალაქში ელექტრომობილების შეძენა მხოლოდ BYD-ისგან შეუძლიათ.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ახალი გემი, BYD Explorer No. 1 „მნიშვნელოვანი ნაბიჯია BYD-სთვის, რადგან ის ფართოვდება საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს უწყობს ახალი ენერგეტიკული მანქანების გლობალური ინდუსტრიის განვითარებას“.

ჩინეთს ავტომობილების წარმოებისთვის იმდენი ქარხანა აქვს, რომ ბაზრის მოთხოვნაზე 2-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის მანქანების წარმოება შეუძლია, რამაც ქვეყანაში ავტომობილების ფასების ომი გამოიწვია. 

უძრავი ქონების სექტორში კრიზისისა და საფონდო ბირჟებზე არასახარბიელო ვითარების გამო ჩინელები ავტომობილების შეძენაში სიფრთხილეს იჩენენ. ამ ფონზე, წარმოების დაბალი ხარჯების წყალობით, BYD-ს მეტი შანსი აქვს გადაურჩეს გაყიდვების ხანგრძლივ შენელებას და ინდუსტრიის არეულობას, ვიდრე კონკურენტების უმეტესობას.

BYD-ის თავმჯდომარემ ვანგ ჩუანფუმ დააარსა კომპანია 1995 წელს. იგი თავდაპირველად ამზადებდა ბატარეებს Motorola-სთვის და სამომხმარებლო ელექტრონიკის სხვა მწარმოებლებისთვის.

ვანგმა განათლება მიიღო ჩანშას ცენტრალურ სამხრეთ უნივერსიტეტში, ელიტარულ დაწესებულებაში, რომელიც ცნობილია ბატარეების კვლევით. თუმცა მომავალი მეწარმე მანქანების შექმნაზე ოცნებობდა.

2003 წელს BYD-მა იყიდა ქარხანა სიანში, რომელიც ბენზინზე მომუშავე მანქანებს აწარმოებდა.

ჩინეთის ბაზართან ერთად გაიზარდა BYD-ის გაყიდვებიც. 2008 წელს უორენ ბაფეტმა კომპანიის აქციების დაახლოებით 10% 230 მილიონ დოლარად შეიძინა. ამან კომპანიას არა მხოლოდ ფულადი ინიექციები, არამედ მსოფლიო ავტორიტეტიც მოუტანა. იმავე წელს ვანგმა პირობა დადო, რომ ორი წლის განმავლობაში საქონლის ექსპორტს დაიწყებდა .