ლუქსემბურგი ევროზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომლის სუვერენული ფონდიც ბიტკოინში ინვესტირებას ახორციელებს.
ლუქსემბურგის სიმდიდრის ფონდმა (FSIL) გადაწყვიტა, თავისი აქტივების 1% ბიტკოინის ETF-ებისთვის - საბირჟო ვაჭრობის ფონდებისთვის, რომლებიც პირდაპირ ბიტკოინში ინვესტირებას ახორციელებენ - გამოყოს. ამის შესახებ Coindesk-მა ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრ ჟილ როთზე დაყრდნობით განაცხადა.
ლუქსემბურგმა, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პატარა ქვეყანამ, დაახლოებით 680 000 მოსახლეობით, 2014 წელს დააარსა სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისთვის ფინანსური რეზერვის შექმნა იყო. ამჟამად ფონდი 730 მილიონი აშშ დოლარის აქტივებს ფლობს, რომელთა უმეტესობა ტრადიციულად ობლიგაციებშია კონცენტრირებული.