ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Build Your Dreams (BYD) ევროკავშირში წარმოებას იწყებს. პირველი ქვეყანა უნგრეთი იქნება. ამის შესახებ Automotive News იუწყება. ეს ხდება კომპანიის ევროპულ ბაზარზე შესვლიდან სამი წლის შემდეგ.

ევროპაში BYD-ის პირველი ქარხნის აშენება იგეგმება სამხრეთ უნგრეთის ქალაქ სეგედში, სადაც წელიწადში 200 000 ავტომობილის წარმოებაა დაგეგმილი. ქარხანა რეგიონში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

კომპანია გეგმავს ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოებას BYD ბრენდისთვის უნგრეთის მთავრობის სუბსიდიების წყალობით. ქვეყანა ამჟამად ევროკომისიის მიერ შეთანხმების დამტკიცებას ელოდება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს თქმით, ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება ქვეყნის ეკონომიკურ ისტორიაში.

უნგრეთის მთავრობასა და BYD-ს ევროპაში ელექტრომობილების ქარხნის გახსნის თარიღი ჯერ არ დაუსახელებიათ. ჩინური ავტომწარმოებელი 2030 წლისთვის ევროპაში ბაზრის 10%-ის დაკავებას ისახავს მიზნად.