სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა. ოფიციალური სტატისტიკით, გაძვირებულ მომსახურებებს შორის, ჯანდაცვის სექტორი ლიდერია. სამედიცინო სერვისების ღირებულება იზრდება როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოს მომსახურება გაძვირებულია 27%-ით, თერაპევტის კონსულტაცია - 13%-ით, ჯანმრთელობის დაზღვევა - 8.7%-ით, სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7%-ით, ხოლო სისხლის ანალიზი - 5%-ით.
ჯანდაცვის დარგის სპეციალისტი ვატო სურგულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურების გაძვირება იმ სახელმწიფო პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც კლინიკების მიმართ ტარდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ფასი იზრდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის DRG-ის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება, ამოქმედებიდან დღემდე ერთხელაც არ გადახედილა.
„ეს რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფო პოლიტიკით არის გამოწვეული, რომელსაც ის ატარებს კლინიკების მიმართ. იმიტომ, რომ ექიმები ჰაერით არ იკვებებიან. ექიმებსაც და მთელ სამედიცინო პერსონალს იგივე ფასებს ახდევინებენ სუპერმარკეტებში, თუ ნებისმიერ სხვა მომსახურებაში, რასაც სხვებს. ელემენტარულად მანქანის გარეცხვაში, თუ 2020 წელს 10 ლარი ღირდა, ახლა 30 ლარი ღირს. ექიმებიც ზუსტად იგივე სამყაროში ცხოვრობენ.
გარდა ამისა, იზრდება ფასი მედიკამენტებზე, სტომატოლოგიურ მასალებზე და ა.შ. კლინიკა ზარალზე ხომ ვერ წავა?! სამედიცინო დაწესებულებაც ისეთივე დაწესებულებაა, როგორიც სხვა ნებისმიერი სერვისი. იქაც სჭირდებათ ექიმების ხელფასის მომატება, ვინაიდან დამეთანხმებით, 300 ლარი 5 წლის წინ და დღეს, სრულიად სხვა მოცემულობაა.
ამ დროს რას აკეთებს სახელმწიფო, ე.წ DRG-ს პროგრამა რომ შემოიღო, ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველწლიურად (შეიძლება წელიწადში ორჯერაც) უნდა გადაიხედოს და როგორი ინფლაციაც არის ქვეყანაში, იმის მიხედვით გაუზარდოს დაფინანსება კლინიკებს. 3 წლის წინ შემოიღეს და ერთხელაც არ მომხდარა ფასების გადახედვა. აქ უნდა იყოს ფასების ინდექსაცია, იქიდან გამომდინარე, როგორი ინფლაციაა ქვეყანაში და როგორ გაიზარდა ფასები აუცილებელ მედიკამენტებზე, რენტგენის ფირებზე, სხვა ნებისმიერ სახარჯ მასალებზე და ა.შ. სახელმწიფო ამას არ აკეთებს, დაფინანსებას არ ამატებს. ამ დროს თუ DRG შემოგაქვს, ფასების ინდექსაცია სავალდებულოა, ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს ფასები. ეს არ ხდება და ახლა კლინიკები ზარალზე ხომ არ იმუშავებენ?! ექიმებს, ექთნებს ხელფასის ოდნავი მომატება მაინც ხომ სჭირდებათ?! როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, მოტივაციაზეც უნდა ვსაუბრობდეთ. უმოტივაციო ექიმები, ექთნები და სამედიცინო პერსონალი გვყავს, იმიტომ, რომ იგივე ხელფასს იღებენ, რასაც 3-4 წლის იყო . სწორედ ამიტომაც უწევთ სამედიცინო მომსახურების ფასების მომატება“,- ამბობს ვატო სურგულაძე.