პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არსებობს არაერთი სიგნალი, რომელიც რუსეთის მიერ შესაძლო ესკალაციისთვის სერიოზულ მზადებაზე მიუთითებს.
მისი თქმით, მომდევნო შვიდი-რვა თვე, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს უკრაინის, პოლონეთისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
ჟურნალისტებმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ჯონ რატკლიფის მოსკოვში ბოლო ვიზიტის შესახებ. ტუსკის თქმით, პოლონეთი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და რატკლიფის აქტივობის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ამიტომ არ გვაკვირვებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის ქმედებებისა და ზომების შესახებ რაიმე ინფორმაცია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტუსკის თქმით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ცნობები კონფიდენციალური უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია არ უნდა მიწოდოს.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ახლა საქმე მხოლოდ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს აღარ ეხება.
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩნდება უამრავი საჯარო სიგნალი რუსეთის მიერ ესკალაციისთვის მზადების შესახებ. რუსეთისთვის ეს შემოდგომა და ზამთარი საკვანძო უნდა გახდეს“, – აღნიშნა ტუსკმა.