სლოვაკეთი რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უკრაინის მიმართ საპასუხო ზომებს განიხილავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის საბოტაჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონი ევრო იქნება.
მისივე თქმით, 7 იანვარს სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კოალიციური საბჭოს მოწვევას გეგმავს, რასაც მოჰყვება მინისტრთა კაბინეტის სხდომა, სადაც უკრაინის მიმართ შესაბამის საპასუხო ზომებს განიხილავენ. სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთისთვის ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია.
„პარტია „სმერ“-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, ასევე სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“,-აღნიშნა ფიცომ.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა.
წყარო: 1 არხი