ბრიტანელ მწეველებს შორის ჩატარებული კვლევის თანახმად, ერთი ღერი სიგარეტის მოწევამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ დაახლოებით 20 წუთით შეამციროს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ჟურნალ „Addiction“-ში გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, საიდანაც, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გამომდინარეობს დასკვნა, რომ ერთ ღერი სიგარეტის მოწევისას, მამაკაცები სიცოცხლის 17 წუთს, ხოლო ქალები 22 წუთს კარგავენ.

„ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, მაშინ ის ამით თითქმის შვიდ საათ სიცოცხლეს კარგავს. არადა, მას შეუძლია, ეს დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად ჯანმრთელმა გაატაროს“, - ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კვლევის ჯგუფის მთავარი მკვლევარი, სარა ჯექსონი.

სამედიცინო პროფილის ვებ-საიტზე, BMJ-ზე, 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ თითოეული ღერი სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 11 წუთით ამცირებს.

სარა ჯექსონის თქმით, „მოწევა ხანდაზმულობის წლებს კი არ შთანთქავს, რომელიც ნაკლებად ჯანსაღია, არამედ ცხოვრების შედარებით ჯანსაღ შუა ნაწილს ანადგურებს. ამიტომ, როდესაც სიგარეტის მოწევით სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, შედარებით ჯანსაღი წლები გვაქვს მხედველობაში“.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევა ეყრდნობა მამაკაცთა სიკვდილიანობის სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც 1951 წლიდან აღირიცხება, ქალების შესახებ ინფორმაცია კი 1996 წლის შემდეგ ჩატარებული მილიონი ქალის კვლევის მონაცემებს ეფუძნება.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდნენ, საშუალოდ, დაახლოებით ათი წლის სიცოცხლეს კარგავდნენ მათთან შედარებით, ვინც არასდროს ეწეოდა.

კვლევის თანახმად, „მამაკაცები დღეში საშუალოდ 15,8 სიგარეტს ეწევიან და ამით სიცოცხლის ათ წელს კარგავენ, ქალები კი საშუალოდ 13,6 სიგარეტს ეწევიან და 11 წლით იმოკლებენ სიცოცხლეს“. მკვლევარები განმარტავენ, რომ ეს დასკვნები „საუკეთესო და სანდო შეფასებებიდან“ გამომდინარეობს.

1996 წლიდან დიდ ბრიტანეთში მამაკაცების მიერ თამბაქოს ყოველდღიური მოხმარება დღეში 11,5 ღერ სიგარეტამდე შემცირდა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში მწეველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ ათი წლით ნაკლებია, ვიდრე არამწევლების.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ მოწევით გამოწვეული ზიანი კუმულაციურია, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება მოწევის შეწყვეტით აღდგეს, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა, მაგალითად, ასაკი და მოწევის სტაჟის ხანგრძლიობა.

„რაც შეეხება მოწევის შედეგად დაკარგული სიცოცხლის აღდგენას, ეს ძალიან რთულია“, - მიიჩნევს სარა ჯექსონი.

„ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მოწევას დაახლოებით 20 ან 30 წლის ასაკში მიატოვებენ, იმდენივე ხანს ცოცხლობენ, რამდენ ხანსაც ისინი, ვინც არასდროს ეწეოდა. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ უფრო და უფრო მეტ დროს კარგავთ, რომელსაც მოწევისთვის თავის დანებებით ვეღარ დაიბრუნებთ“.

მკვლევარის თქმით, „რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თუ მოწევას თავს დაანებებთ, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მოწევა განაგრძეთ. ამდენად, თქვენ არ შეგიძლიათ უკვე დაკარგული სიცოცხლე აინაზღაუროთ, თუმცა, გაქვთ შესაძლებლობა, სიცოცხლის გარკვეული ნაწილის დაკარგვა თავიდან აიცილოთ“.

სარა ჯექსონი და მისი კოლეგები სტატიაში წერენ, რომ ადამიანი, რომელიც დღეში ათ ღერ სიგარეტს ეწევა და 1 იანვარს მოწევას მიატოვებს, 8 იანვრისთვის შეძლებს, 1 დღით გაიხანგრძლიოს სიცოცხლე, 20 თებერვლისთვის ის თავიდან აიცილებს 1 კვირის სიცოცხლის დაკარგვას, 5 აგვისტოსთვის - 1 თვის სიცოცხლის დაკარგვას, ხოლო წლის ბოლოს „ბონუსად“ 50 დღის სიცოცხლეს მიიღებს.

„მოწევისთვის თავის დანებება უდავოდ საუკეთესოა, რისი გაკეთებაც თქვენი ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ. და რაც უფრო ადრე შეწყვეტთ მოწევას, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ“, - გვირჩევს სარა ჯექსონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც თამბაქოს „გლობალურ ეპიდემიად“ მიიჩნევს, 2030 წლისთვის სიგარეტი წელიწადში რვა მილიონზე მეტ ადამიანს მოკლავს მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ მოწევის მაჩვენებელი 1960-იანი წლებიდან იკლებს, სიგარეტის მოწევა რჩება პრევენციული დაავადებებისა და სიკვდილის მთავარ მიზეზად შეერთებულ შტატებში, რომელიც ყოველწლიურად 480 000-ზე მეტ ამერიკელს კლავს. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 40 წლამდე ასაკში მოწევის შეწყვეტამ შეიძლება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით სიკვდილის რისკი დაახლოებით 90 პროცენტით შეამციროს.

გასულ წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოწევას შეიძლება ჰქონდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გავლენა ადამიანის იმუნურ სისტემაზე, რაც მას ინფექციების, კიბოს ან აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკის მიმართ დაუცველს ხდის. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო სუსტდება მისი იმუნური რეაქცია.

კვლევის თანაავტორის, დარაგ დაფის თქმით, რომელიც პასტერის ინსტიტუტის იმუნოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს, როდესაც მწეველებმა შეწყვიტეს მოწევა, მათი იმუნური რეაქცია გარკვეულ დონეზე გაუმჯობესდა, მაგრამ მთლიანად მაინც ვერ აღდგა.

წყარო: 1 არხი