იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჩინეთში დაფიქსირებული მეტაპნევმოვირუსი არ წარმოადგენს საფრთხეს, რომ იგი განვიხილოთ, როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი.
როგორც ჩხაიძე განმარტავს საქართველოში ყოველკვირეულად ითვლიან მეტაპნევმოვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს და წინა კვირაში ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
"ზუსტად 5 წლის წინ, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში მანამდე უცნობი ვირუსი, რომელმაც შემდეგ პანდემიას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, ბევრი რეაქცია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სწორედ ამ 5-წლიანი ინტერვალის აქცენტირებით იყო და იყო კითხვა, ხომ არ არის ეს მეტაპნევმოვირუსი ახალი პანდემიის დასაწყისი და ხომ არ არის ეს ვირუსი ისეთივე საშიშროების, როგორც იყო კორონავირუსი. არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის, ამ თვალსაზრისით არ შეიძლება, მარტივი მიზეზის გამო - კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჰქონდა არავის. ის იყო სრულიად ახალი ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანში, ვისთანაც პირველი შეხება ჰქონდა, იწვევდა კლინიკურად გამოვლენილ დაავადებას.
მეტაპნევმოვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, განსაკუთრებით ბავშვებში და ერთ-ერთი დიდ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტია. იგივეა საქართველოზეც. ამიტომ, შეგიძლია ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს. ცუდია, რომ ეს იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე არაა, მაგრამ საქართველოს პედიატრიული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 5 წლამდე ბავშვების 99%-ზე მეტს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, მათ აქვთ გამომუშავებული გარკვეული მდგრადობა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში.
მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება - ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ლუგარის ლაბორატორიის სახით, საშუალებას გვაძლევს, მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მხოლოდ გრიპზე, არამედ მეტაპნევმოვირუსზე. იაშვილი წარმოადგენს ლუგარის ბაზას და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველკვირეულად გვაქვს მონაცემები, რამდენია ამ ვირუსების რაოდენობა ქვეყანაში. 50-ე კვირას 6% იყო -შედარებით მაღალი. ბოლო მონაცემებით 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინ კვირაში გვქონდა 2 შემთხვევა მეტაპნევმოვირუსის, ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული", - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.
რაც შეეხება ვირუსის სიმპტომატიკას, როგორ ჩხაიძე განმარტავს, ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5-წალმდე ასაკის ბავშვებში და 65-წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ბრონქული ასთმა.
"5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შეუძლია გამოიწვიოს მხოლოდ გაციება - ცხვირიდან გამონადები, ხველა, დაბალი ტემპერატურა და არა ფილტვის დაზიანება. ამიტომ ეს ვირუსი არ წარმოადგენს საფრთხეს გარდა იმ ასაკობრივი ჯგუფისა, რაც მოგახსენეთ ან იმუნო კომპრომიტირებულ პაციენტებში.
შესაბამისად, საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება. ასე იყო წლების განმავლობაში. ეს ვირუსი 2021 წელსაა აღმოჩენილი და სულ რაღაც 25 წლის ისტორია აქვს, თუმცა არცერთი პერიოდი არ ყოფილა, რომ ამ ვირუსს გამოეწვიოს მძიმე დაავადებები ან სერიოზული ეპიდაფეთქებები" - ამბობს ჩხაიძე და ამატებს, რომ "არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის".
რაც შეეხება გრიპის ვირუსის მიმდინარეობას ქვეყანაში, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, "თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო სამი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს".
მისივე თქმით, ქვეყანაში არის გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება და პიკს იანვარში მიაღწევს.