ლიეტუვაში, მრევლთან ერთად, სემინარიებში სტუდენტების რაოდენობაც მცირდება. შექმნილი მდგომარეობის გამო, სამრევლოებს სულ უფრო ნაკლები მღვდელი ემსახურება.
96 წლის კლემენსასი გვაჩვენებს ეკლესიას, სადაც ის, დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, გუნდში მღერის. კლემენსასი სიამოვნებით იხსენებს აქ გატარებულ წლებს, მაგრამ აღიარებს, რომ ეკლესიაში ისეთი მდგომარეობა აღარ არის, როგორიც ადრე იყო.
„ადრე, აღდგომის თუ შობის დღეებში, ეკლესია ყოველთვის ხალხით იყო სავსე. ახლა სკამებიც კი არ ივსება ბოლომდე, მაშინ როცა წინათ ეკლესიაში ფეხზე დასადგომ ადგილს ვერ ნახავდით“, - იხსენებს ის.
ასეთი დღეები წარსულს ჩაბარდა - ეპარქიების უმეტესობაში მრევლის რაოდენობა მცირდება. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ზოგიერთი მორწმუნე ეკლესიაში ჯანმრთელობისა და ასაკის გამო აღარ მოდის. ასევე გაიზარდა ონლაინ-სერვისების პოპულარობა.
„პანდემიის შემდეგ ლიეტუვაში მრევლის კლებაა. პანდემიის დროს, ეკლესიები, რა თქმა უნდა, დაიხურა, მისი დასრულების შემდეგ კი, მართალია, მრევლის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ პირვანდელ დონემდე ვერ აღდგა“, - აღიარებს მღვდელი, რიმანტას გუდელისი.
ღვთისმსახურთა რიგებიც მცირდება. ამის გამო, მოქმედ მღვდლებს რამდენიმე ეკლესიაში უწევთ მსახურება. თავად გუდელისი ორ სამრევლოზე, ანტაშავასა და პალევენეზეა პასუხისმგებელი.
თუმცა, მხოლოდ ერთი სამწყსოს მრევლი მღვდლის შესანახად საკმარისი არ არის.
„სასულიერო პირი მხოლოდ ერთი სამწყსოთი ვერ იარსებებს, რადგან მრევლის შემოწირულობებით ცხოვრობს. და თუ მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მრევლი ეყოლება, მღვდელს საარსებო წყარო არ ექნება“, - განმარტავს ის.
ამასთან, სემინარიებში აბიტურიენტების რაოდენობაც თანდათან მცირდება.
„წელს სემინარიაში შვიდი მოსწავლე შევიდა, რაც კარგ შედეგად მიგვაჩნია. განსაკუთრებით პანდემიის წლების შემდეგ. საერთოდ, ზოგიერთ კურსზე მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი სწავლობს", - ამბობს წმინდა იოსების სემინარიის რექტორი, მინდაუგას ბერნოტავიჩუსი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მღვდლებს ნაკლები სამუშაო აქვთ, დასძენს ის. როდესაც ადამიანები ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად ან სამუშაოდ, ისინი ლოცვის ჯგუფებში ერთიანდებიან და სულიერ წინამძღოლს საჭიროებენ. ამიტომ, ზოგიერთი მღვდელი და ეკლესია ძალიან დატვირთულია.
„ეს განსაკუთრებით იმ სამრევლოებში იგრძნობა, სადაც ხშირია დაკრძალვაა. განსაკუთრებით ქალაქის სამრევლოებში, სადაც წესის აგების ადგილზე მისასვლელად, მღვდელს მეტი დრო სჭირდება. თუ ერთდროულად რამდენიმე დაკრძალვაა, მღვდლები დღის უმეტეს ნაწილს ამ საქმეს უთმობენ“, - აღნიშნა ბერნოტავიჩუსმა.
როდესაც საზოგადოება იცვლება, ეკლესიამ ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს, აღიარებს სემინარიის რექტორი.
„შესაძლოა, მომავალში, განსაკუთრებით რეგიონებში, რამდენიმე მღვდელი გაერთიანდეს და ცენტრალურ სამრევლოში მთავარ პასტორთან ერთად იცხოვრონ. ასე უფრო მეტ მრევლს მოემსახურებიან“, - ამბობს ბერნოტავიჩუსი.
როგორც ღვთის მსახურები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ნაკლები ადამიანი დადის, ვიდრე წარსულში, შექმნილი ვითარება ჭეშმარიტი მორწმუნეების, საეკლესიო თემის ყველაზე ერთგული წევრების იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
წყარო: 1 არხი