რძის პროდუქტებზე ჩინეთის მიერ დაწესებულ ბაჟს ევროკავშირი „დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს

ორშაბათს, 22 დეკემბერს, ბრიუსელმა მკაცრი რეაგირება მოახდინა ჩინეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირიდან იმპორტირებულ რძის ზოგიერთ პროდუქტზე 42,7 პროცენტამდე ბაჟი დაწესდა. ევროკავშირმა ამ ნაბიჯს „დაუსაბუთებელი“ უწოდა. ჩინეთის ეს ქმედება ბოლო ეპიზოდია სავაჭრო დაპირისპირებაში, რომელიც სურსათიდან დაწყებულ და ელექტრომობილებით დამთავრებულ უამრავ სფეროს მოიცავს. „საბაჟო დეპოზიტები“, რომლებიც 21,9-დან 42,7 პროცენტამდე მერყეობს, ძალაში დღეიდან, 23 დეკემბრიდან შედის. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ზომები შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ნედლი და გადამუშავებული ყველი, ხაჭო, ლურჯი ყველი და ზოგიერთი სახეობის რძე და ნაღები.

ოფიციალურმა პეკინმა სუბსიდირების საკითხის შესწავლა 2024 წლის აგვისტოში, ჩინეთის რძის პროდუქტების ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. გამოძიება თებერვალში დასრულდება. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, წინასწარმა დასკვნებმა ევროკავშირის სუბსიდიებსა და ადგილობრივი რძის ინდუსტრიისთვის მიყენებულ „მნიშვნელოვან ზიანს“ შორის კავშირი დაადასტურა. ევროპელი ოფიციალური პირები ამ დასკვნებს არ ეთანხმებიან. „ჩვენი შეფასებით, გამოძიება ეფუძნება საეჭვო ბრალდებებსა და არასაკმარის მტკიცებულებებს, შესაბამისად, მიღებული ზომები დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია“, - განაცხადა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ევროკომისია ამჟამად ჩინური მხარის წინასწარ დასკვნებს ეცნობა და და პეკინს საკუთარ შენიშვნებს წარუდგენს. რძის პროდუქტებზე გადასახადის დაწესებამდე ერთი კვირით ადრე ჩინეთმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროკავშირიდან განხორციელებულ ღორის ხორცის იმპორტზე, ხუთი წლის ვადით, ანტიდემპინგურ მოსაკრებლებს დააწესებდა. ეს ბაჟი 17 დეკემბერს შევიდა ძალაში. ორ ეკონომიკურ გიგანტს შორის გაჩაღებული სავაჭრო ომის მიზეზად ბევრი ევროპული ქვეყანა ჩინეთთან დაუბალანსებელ ეკონომიკურ ურთიერთობს მიიჩნევს.

მზარდი დაპირისპირება

ამჟამად მიმდინარე სავაჭრო დავა 2024 წელს დაიწყო, როდესაც ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე სოლიდური ტარიფების დაწესებისკენ გადადგა ნაბიჯები იმ არგუმენტით, რომ პეკინის სუბსიდიები ევროპელ კონკურენტებს უსამართლოდ აზარალებდა. პეკინმა ეს ბრალდება უარყო და იმპორტირებულ ევროპულ ღორის ხორცზე, კონიკსა და რძის პროდუქტებზე საპასუხო ზომების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები დააწესა, პეკინმა კონიაკის ევროპელი მწარმოებლები აიძულა, ფასები გაეზარდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 34,9 პროცენტამდე ანტიდემპინგური გადასახადების დაწესებით დაემუქრა. 2024 წელს ჩინეთთან ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტმა 350 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამ თვეში განაცხადა, რომ ევროპა განიხილავს მკაცრი ზომების მიღებას ჩინეთის წინააღმდეგ, მათ შორის - ტარიფების გაზრდის სახით, თუ სავაჭრო დისბალანსი არ აღმოიფხვრება. სავაჭრო უთანხმოებების გარდა, ჩინეთი და ევროკავშირი საერთო ენას ვერ პოულობენ ისეთ საკითხზე, როგორიცაა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, ომის დასრულების მიზნით, მოსკოვზე განახორციელოს ზეწოლა, თუმცა პეკინს ამაზე დათანხმების ნიშნები დღემდე არ გამოუვლენია.

წყარო: 1 არხი