ვენეციის კომისია "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონზე, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს.

კერძოდ, საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, მაუწყებლობის შესახებ კანონზე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონზე/

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ კანონები სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან, როგორც აღინიშნება, ყველა მათგანი მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას.

ქართულ FARA-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას.

კომისია აღნიშნავს,რომ კანონის ფართო მასშტაბი მისი განურჩევლად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ასევე ტერმინები თავისთავად სტიგმატიზირებას ახდენს.

„აღსრულების უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ეკისრება, რომელსაც მინიჭებული აქვს გადაჭარბებული დისკრეცია, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუმცა, დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და არ გააჩნია საჭირო გამჭვირვალობა და დასაბუთება, ხოლო მკაცრი სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს.

ბუნდოვანი დებულებების, ფართო უფლებამოსილებებისა და არასაკმარისი დაცვის მექანიზმების კომბინაცია ქმნის თვითნებობის, შერჩევითი სამართლიანობისა და პოლიტიკურად ბოროტად გამოყენების რისკებს.

აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ქართული FARA-ს მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს.

დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციების შესაბამისად, რეკომენდებულია ქართული FARA-ს გაუქმება.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, მისი შესწორებები ითვალისწინებს უცხოური გრანტებისთვის მთავრობის წინასწარი თანხმობის შესახებ ზოგად მოთხოვნას, თუმცა მას არ გააჩნია აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით დადასტურებული გამართლება. გარდა ამისა, შესწორებები არ ითვალისწინებს უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და შეიცავს არასაკმარის დაცვის ზომებს, რაც ფართო შესაძლებლობას ტოვებს თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენებისთვის.

ბიუროს ფართო საგამოძიებო და აღსრულების უფლებამოსილებები, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სანქციებთან ერთად, კიდევ უფრო ძირს უთხრის სამართლიანობას და სათანადო სასამართლო პროცესს.

„ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რეკომენდებულია შესწორებების გაუქმება. სულ მცირე, შესწორებები საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს აუცილებელი, პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული და რომ მათ თან ახლდეს ძლიერი პროცედურული და სასამართლო დაცვის ზომები”, - ნათქვამია კომისიის მოსაზრებაში.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს, ვენეციის კომისიის თანახმად, შესწორებები ითხოვს მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრულ აკრძალვას, „უცხოური ძალის“ ზედმეტად ფართო განმარტების გამოყენებით. კომისია აღნიშნავს, რომ აკრძალვა ვერ უზრუნველყოფს განასხვაოს დაფინანსება, რომელიც ნამდვილად საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსება, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას.

„ეს ძირს უთხრის მედია პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ამიტომ, რეკომენდებულია აკრძალვის გაუქმება”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, ცვლილებები სრულად უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ იურიდიული პირებისგან ან ასოციაციებისგან უფასო ლექციების ან სემინარების მიღებას.

„კანონმდებლობის ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ეს ცვლილებები უცხოური დაფინანსების უფრო ფართო შეზღუდვების ნაწილია”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესში გამოყენებული იქნას შესაბამისი ინკლუზიური მიდგომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა და ფართო მიმღებლობა.

„კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა ჩართულობა ამ დასკვნის მომზადებაში და კვლავ მზაობას გამოთქვამს, მათი შეშფოთება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განიხილოს.

ვენეციის კომისია, ასევე, მზადაა, ამ საკითხში შემდგომი დახმარება გაუწიოს საპარლამენტო ასამბლეას“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ სფეროში კანონმდებლობის შემდგომი განვითარების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შემდგომი რეკომენდაციების გათვალისწინება:

„აითვისეთ სისტემური მიდგომა, რომელიც თავიდან აარიდებს რამდენიმე საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც პარალელურად და კუმულაციურად მუშაობს;

შეავიწროეთ მოქმედების მასშტაბი საკვანძო ტერმინების ზუსტი განმარტებებითა და აღმასრულებელი ორგანოების დისკრეციის შეზღუდვით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ კანონი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოებისადმი თვალსაჩინო და სპეციფიკური რისკია;

თავი აარიდეთ “უცხოური ძალების აგენტი” ან ნებისმიერი მსგავსი სტიგმატიზაციური ტერმინის გამოყენებას, ამოიღეთ ინდივიდების ან ორგანიზაციებისთვის თავიანთ მასალებში მსგავსი იარლიყის გამოქვეყნების ნებისმიერი მოთხოვნა;

შეზღუდეთ განსაზღვრული სუბიექტებისთვის დაკისრებული ვალდებულებები იმ ვალდებულებებამდე, რომლებიც მკაცრად აუცილებელია და პროპორციულია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, თავი აარიდეთ ზედმეტ ადმინისტრაციულ დატვირთვასა და არაპროპორციულ სასჯელებს;

უზრუნველყავით, რომ სასჯელები ცხადად განსაზღვრული, საჭირო და პროპორციული იყოს, დამზღვევი მექანიზმებით, რათა თავიდან აირიდოთ უკანონო აღსრულება, დაიცვათ სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპები;

დანერგეთ ძლიერი პროცედურული დამზღვევი მექანიზმები, მათ შორის დამოუკიდებელი აღმასრულებელი ორგანოები, შეტყობინების მკაფიო მოთხოვნები, და ეფექტური საშუალებები ნებისმიერი განსაზღვრის, ზომის ან სასჯელის გასაჩივრებისთვის”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში.

ipn.ge