კრემლიდან წამოსული წინააღმდეგობრივი სიგნალები ბევრ რუს პროპაგანდისტს აბნევს და აღიზიანებს. კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ ამჟამად ბრძოლა მხოლოდ „რამდენიმე კილომეტრი“ ტერიტორიის დაბრუნებისთვისღა მიმდინარეობს. მისი ამ სიტყვების გამო, ზოგს რცხვენია, ზოგი კი პრეს-მდივანს დასცინის.
„ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სამხედრო-დიპლომატიურ ჩიხს ჰგავს“, - წერს რუსი სამხედრო ბლოგერი, ალექსეი ჟივოვი (111 ათასი გამომწერი) თავის ბოლო პოსტში. შედარებით ნაკლებად ულტრაპატრიოტი ექსპერტები კიდევ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი: „სწრაფი გამარჯვების არანაირი ილუზია აღარ არსებობს“, - იმედგაცრუებას ვერ მალავს ერთ-ერთი მათგანი.
მისი კოლეგა კი თავისთვის მწარე დასკვნას აკეთებს: „ფრონტის ხაზი უცვლელია. გამარჯვებებს ვეღარ ვაღწევთ. რესურსები ამოწურულია. სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდება: დროა, ეს კამპანია დასრულდეს, თორემ ნატოსთან ომში სრულიად გაღატაკებულებს მოგვიწევს ჩაბმა. ასეთი პოზიცია არ არის ღალატი. ეს არის მკაცრი გათვლა. ესენი არიან პატრიოტები, რომლებიც ნამდვილად რუსეთისთვის იღწვიან და ლამაზი ანგარიშების შედგენა არ აინტერესებთ“.
ასეთი განცხადებების მიზეზი კი შემდეგშია: რუსული არმია, უკვე მრავალი კვირაა, ფრონტის ხაზზე წინ თითქმის ვერ მიიწევს. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, ამის ნაცვლად, უკრაინა თავად გადადის შეტევაზე და ზოგიერთ რაიონში წარმატებებსაც აღწევს. „სიტუაციის არასწორ შეფასებაზე კიდევ უფრო დამაზიანებელია ის ანგარიშები, რომლებიც რეალობის დიამეტრულად საპირისპიროა და ხელმძღვანელობას კიდევ უფრო სერიოზული შეცდომებისკენ უბიძგებს“.
კრემლის სპიკერი: „მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაკავებაა საჭირო“
თუმცა, კრემლის ოფიციალური განცხადებები „Z-ბლოგერებისთვის“ (ანუ, ომის პროპაგანდისტებისთვის) ისევე შემაშფოთებელი და გამაღიზიანებელია, როგორც თავად წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებები. პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქმე მხოლოდ „რამდენიმე კილომეტრი“ ტერიტორიის დაკავებას ეხება: „ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხოლოდ 17-18 პროცენტი დაგვრჩა გასათავისუფლებელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მივაღწიეთ“.
ცხობილი ულტრაპატრიოტები ამ განცხადებას უკიდურესი გაღიზიანებით შეხვდნენ და დაინტერესდნენ, ხომ არ „დათმო ჩუმად“ კრემლმა უკრაინის სხვა რეგიონები, რომლებიც ქაღალდზე უკვე ანექსირებული და ნაწილობრივ ოკუპირებულია, მაგალითად - ხერსონი და ზაპოროჟიე.
პროპაგანდისტ ალექსეი კალუგინს კრემლის გამო შერცხვა კიდეც: „თუ რუსეთის ტერიტორია მტერს დარჩება, ეს იქნება ნამდვილი ღალატი მათი მხრიდან, ვინც წლების განმავლობაში მოუწოდებდა მოსახლეობას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად მიეღწიათ იმ მიზნებისთვის, რომლებისკენაც, სინამდვილეში, თურმე არასდროს ვისწრაფოდით“.
„სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს“
პოლიტოლოგმა ანდრეი კალიტინმა ტერიტორიული მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა საფუძვლიანად გააანალიზა. მან მიუთითა პუტინის რიტორიკის გროტესკულ ცვლილებაზე უკრაინული ტერიტორიების დაპყრობასთან დაკავშირებით. აი, რას აცხადებდა რუსეთის პრეზიდენტი 2023 წლის 5 ოქტომბერს: „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის კრიზისი არ არის ტერიტორიული კონფლიქტი. რუსეთი მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა და ყველაზე ანგარიშგასაწევი - ტერიტორიის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვაქვს ახალი ტერიტორიების დაპყრობის ინტერესი“.
თითქმის ორი წლის შემდეგ, 2025 წლის 20 ივნისს კი, პუტინმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა და ტერიტორიების დაპყრობები გაამართლა: „იცით, ჩვენ ძველთაგანმე გვაქვს ანდაზა, უფრო სწორედ კი იგავი, რომელიც ამბობს: სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, ის ჩვენი მიწაა. ოღონდ, გთხოვთ, არ მინდა, ეს მილიტარისტულად ჟღერდეს“.
„უკან დახევის დროსაც კი, წინ მივიწევთ“
ამ კონტექსტში, კალიტინი პუტინის პოლიტიკური ორიენტაციის დაკარგვაზე საუბრობს: „ფრონტის ხაზზე რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა გახდა მთავარი ორიენტირი და მიზანი ქვეყნისთვის, რომელმაც არ იცის, თავის შიდა ტერიტორიებზე მტრის თავდასხმებს რა მოუხერხოს. რუსეთი ცხოვრობს როგორც მომთაბარე ერი, გაკვეხებული იმპერიულ ამბიციებსა და არქაულ რეალობას შორის, ცხოვრობს იმ საზღვრების ძიებაში, რომლებიც, სავარაუდოდ, არ არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ თავისი ტერიტორია განავითაროს და მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილი გახდეს, რუსეთი სისხლით, ცეცხლითა და სიკვდილით იბრძვის კვადრატული კილომეტრებისთვის, რათა ცივილიზაციის გზაზე თავისი სასაზღვრო ბოძი ჩაასოს“.
პუტინის წინააღმდეგობრივი განცხადებების ფონზე, ერთ-ერთ კომენტატორს მომღერალ იგორ რასტერიაევის პოპულარული და სატირული სიმღერა „რუსული გზა“ გაახსენდა, რომელშიც არის ასეთი სიტყვები: „უკან დახევის დროსაც კი, წინ მივიწევთ“. მაშინ, როცა არმია „წვალებით და ნელა“ მიიწევს წინ, რუსეთს ემუქრება საფრთხე, რომ ქვეყნის შიდა ეკონომიკური და სოციალური განვითარების შანსი ხელიდან გაუშვას.
რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური ВЦИОМ-ი (რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო) ზედიზედ მეექვსე კვირაა აღნუსხავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობის მიმართ მოწონების მაჩვენებლის კლებას. მონაცემებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და ვარდნის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.
17 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 6-დან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, პუტინის მოწონების რეიტინგი 66,7%-ს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. პუტინის ნდობის რეიტინგიც 72%-მდე დაეცა.
ВЦИОМ-ის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ომამდე ბოლო გამოკითხვაში ის უფრო დაბალი იყო (64,3%).
ეცემა „ედინაია როსიას“ მხარდაჭერის
რეიტინგიც მაშინ, როდესაც ВЦИОМ-ის თანახმად, იზრდება დუმის სხვა პარტიების რეიტინგები.
კიდევ ერთმა, სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა - ფონდმა „საზოგადოებრივი აზრი“ - ასევე დააფიქსირა პუტინის რეიტინგის კლება, თუმცა შემდეგ, მისი გამოკითხვების თანახმად, ის კვლავ გაიზარდა.
სოციოლოგიური სამსახურები პუტინის რეიტინგის ვარდნის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ. ბოლო კვირების განმავლობაში, ინტერნეტის დაბლოკვამ უკმაყოფილება
გამოიწვია, მათ შორის ომის მომხრეთა წრეებშიც. ბლოგერ ვიქტორია ბონიას ვიდეომიმართვამ პუტინისადმი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბონიამ ხალხსა და პუტინს „შორის უზარმაზარი კედლის“ არსებობაზე და იმაზე ისაუბრა, რომ პუტინის ყველას ეშინია, „გუბერნატორებსაც კი“.
წყარო: 1 არხი, "რადიო თავისუფლება"