მას შემდეგ, რაც ქიმიური ნივთიერებები  ე.წ. PFAS-ი  საფრანგეთის ქალაქ ლიონის სამხრეთით აღმოაჩინეს, პიერ-ბენიტის კომუნა იქცა ქიმიურ დაბინძურებასთან ბრძოლის სიმბოლოდ ევროპაში.  მაინც რა არის ეს ქიმიური ნაერთები და რატომ აფიქრებთ ევროპაში მათი არსებობა?

საფრანგეთში ქალაქ ლიონის სამხრეთით მდებარე ამ ადგილს ქიმიკატების მინდორს უწოდებენ. ეს სახელი შემთხვევით არ დაურქმევიათ. აქ ქიმიკატებისა და ნავთობქიმიკატების მწარმოებელ გიგანტებს საკუთარი ბაზები აქვთ. ასეთი ადგილების უმეტესობა საშიშად ითვლება, რადგან იქ მასშტაბური ავარიის საფრთხე არსებობს.

გარდა ამისა,  ასეთ ადგილებში  აღმოჩენილია  PFAS-ი  ქიმიური ნაერთების საშიში რაოდენობაც. ამ ნაერთებს მარადიულ ქიმიკატებსაც უწოდებენ. მაინც რას წარმოადგენს PFAS-ი და რატომ  ეშინიათ მისი არა მხოლოდ აქ, არამედ – მთელ ევროპაში?

პერი- და პოლი-ფლოროალკილ ნაერთები ე.წ. PFAS-ი,  ათასობით სინთეზური ქიმიკატის ოჯახს წარმოადგენს. და ისინი ყველგან გვხვდება, იქნება ეს საწვიმარი, პიცის ყუთი, გიტარის სიმი, წყალგამძლე კოსმეტიკა თუ კბილის საწმენდი ძაფი.

PFAS-ს იყენებენ ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოებაშიც, როგორებიცაა, მაგალითად, ნახევარგამტარები, ელექტრომობილის ბატარეები და ქარის ტურბინები, რომლებიც აუცილებელია მწვანე და ციფრულ პლატფორმაზე გადასასვლელად. პფასი იმ ძალიან გამძლე ნივთიერებათა ოჯახია, რომლებიც კარგად ისხლეტენ წყალსა და ცხიმს.

თუმცა PFAS -ის ის თვისება, რომლის გამოც ეს ქიმიკატები  ასეთი სასარგებლოა, პოტენციურ საფრთხესაც წარმოადგენს. მათ მარადიულ ქიმიკატებს უწოდებენ, რადგან ბუნებრივი გზით არ იხრწნებიან გარემოში. დღესდღეობით ამ ქიმიკატებს შეიცავს წყალი, ნიადაგი, პირუტყვის საკვები და თვით ჩვენი სისხლი. ევროპის ცხრა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ PFAS-ი ყველა იმ ქვეყანაში მცხოვრები მოზარდების სისხლშია, რომლებშიც კვლევა ჩატარდა. მეცნიერული კვლევების მიხედვით, PFAS-ი იწვევს  კიბოს, გულის სისხლძარღვებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე უშვილობასა და იმუნური სისტემების დაქვეითებას.

PFAS-ის აღმოფხვრის დღევანდელი ტექნოლოგიებით ამ ქიმიკატების მხოლოდ წყლიდან ამოღებაა შესაძლებელი,  თანაც საკმაოდ ძვირი ჯდება. დღესდღეობით ევროკავშირში PFAS-ის ოჯახის სულ რამდენიმე  ქიმიკატია აკრძალული. თუმცა ეს შესაძლოა შეიცვალოს. 2023 წელს ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოვიდა PFAS-ის შეზღუდვის ინიციატივით ევროკავშირის ქიმიკატების რეგულაციის ე.წ.  REACH-ის ფარგლებში. ამჟამად ევროპის ქიმიკატების სააგენტო განიხილავს ამ ინიციატივას და როცა დაასრულებს შეფასებას, საკუთარ აზრს გააცნობს ევროკომისიას, რომელიც წევრ სახელმწიფოებთან ერთად გადაწყვეტს შეზღუდვის საკითხს.

საფრანგეთში PFA-ი მედიის წამყვანი თემაა. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ და სენატმა ახლახან მიიღეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მარადიული ქიმიკატების გამოყენება 2026 წლისთვის უნდა აიკრძალოს კოსმეტიკაში, ტანსაცმლის უმეტეს ნაწილსა და თხილამურების საპოხში. ლიონში კი, ქალაქის საბჭო „ქიმიკატების ველის“ ორ გიგანტს სასამართლოში უჩივის. ეს კომპანიებია: ჰაერის კონდიციონერების  მწარმოებელი იაპონური კომპანია Daikin-ი და ფრანგული ფირმა  Arkema, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთი სპეციფიკური ნივთიერების წარმოებაში, როგორებიცაა წებოს სახეობები და ფლოროქიმიკატები.

ორივე ჯგუფს აბრალებენ, რომ ისინი გარემოში დიდი რაოდენობით უშვებენ მარადიულ ქიმიკატებს.

ლიონის ახლოს მდებარე პიერ-ბენიტის კომუნა ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ადგილია. ამ უბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებულია. ერთ-ერთი მათგანია ტიერი, რომელიც 70 წელია პიერ-ბენიტში ცხოვრობს.

2021 წელს ტიერიმ ჟურნალისტისგან გაიგო PFAS-ის ამბავი. ახლა იგი ხელმძღვანელობს მოქალაქეთა ჯგუფს, რათა პფასის ქიმიკატების შესახებ მოსახლეობამაც შეიტყოს.

„მე ვთქვი, რომ თუკი მოსახლეობას საფრთხე ემუქრება, მათ ამის შესახებ უნდა იცოდნენ-მეთქი. და ასე დაიწყო ყველაფერი,“ – ამბობს ტიერი მუნიბი, ასოციაცია ‘Bien vivre à Pierre-Bénite’-ის პრეზიდენტი

ტიერიმ ბოსტანისკენ წაგვიყვანა. ბოსტანი იმ მიწის ნაკვეთზე გააკეთა, რომელიც ქიმიკატების მწარმოებელმა Arkema-მა თავის თანამშრომლებს დაურიგა.

„თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ეს კარგი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ საწამლავით სავსე თასი მოგვაწოდეს“, – განმარტავს ტიერი მუნიბი.

ბოსტანში, ერთი შეხედვით, ცუდს ვერაფერს შენიშნავთ. ტიერი კარგად გვათვალიერებინებს ნაკვეთს.

„აი, იქ დაწყებითი სკოლაა, ბოლოსკენ კი საბავშვო ბაღია. კომპანიის ყველაზე სახიფათო ნაწილი კი აქედან 150 მეტრში მდებარეობს“, – გვიხსნის ტიერი.

ფაბიენიც შემოგვიერთდა, ისიც „ქიმიკატების ველზე“ ცხოვრობს. ფაბიენის კომუნაში სენ-სიმფორიან–დ’ოზონში PFAS-ის ქიმიკატები დიდი რაოდენობით იპოვეს სასმელ წყალში. რონის დაბლობზე ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანომ დაადგინა, რომ დაახლოებით 150 ათას ადამიანს PFAS-ით დაბინძურებული ონკანის წყალი მიეწოდება. სახელმწიფომ კომპანია Arkema-ს 2024 წლის ბოლოსთვის PFAS-ის  გამოყენება აუკრძალა. მაგრამ ეს ვერ აგვარებს იმ ქიმიკატების პრობლემას, რომლებიც უკვე გარემოში მოხვდა.

„ბაღში დიდ ვარცლში მარწყვი მქონდა დარგული ჩემი შვილიშვილებისთვის, მაგრამ ამოვთხარე და მათ ნაცვლად ტიტები ჩავრგე, რადგან არ მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა პიერ-ბენიტში მოყვანილი მარწყვი ჭამონ“, -ამბობს ტიერი.

შესაძლოა, ტიერი მართალია. ადგილობრივმა მთავრობამ და თავად კომპანია Arkema-ის ხელმძღვანელობამ აქაურებს ურჩიეს, არ მიიღონ ამ ბოსტნებში მოყვანილი პროდუქტი. ადგილობრივ მოსახლეობას აქაური კვერცხის ჭამასაც არ ურჩევენ. როდესაც ტიერისთან დავბრუნდი, ვკითხე, რამდენად სჯერა იმისა, რომ ევროპულ ინსტიტუტებს შეუძლიათ დახმარება. და, აი, რა მიპასუხა:

„რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდეს ამ ქიმიკატების აკრძალვაზე? ღირს კი ასეთი მომწამვლელი პროდუქტის წარმოება? ან ნამდვილად გვჭირდება ეს პროდუქცია?“ – კითხვას სვამს ტიერი.

რამდენად შეგვიძლია ცხოვრება PFAS-ის გარეშე? ან რამდენად რეალურია მათი მთელ ევროკავშირში აკრძალვა?

ეს კითხვებით ევროპის ქიმიკატების სააგენტოს მივმართე, რომელიც ამჟამად ხუთი ევროპული ქვეყნის მიერ წარდგენილ წინადადებას განიხილავს PFAS-ის შეზღუდვის თაობაზე.

პიტერ ვან დერ ზანდტი, რისკის მენეჯმენტის დირექტორი, ევროპის ქიმიკატების სააგენტო (ECHA):

„ჩვენ ორი დამოუკიდებელი სამეცნიერო კომიტეტი გვაქვს, რომლებიც შეაფასებენ ხუთი ქვეყნის მიერ  მოწოდებულ წინადადებას. ესენია: გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, დანია და ნორვეგია. ისინი გვთავაზობენ ისეთი ტიპის აკრძალვას, რომელიც, საჭიროებისადა მიხედვით, დადგენილ დროსა და ვადებში თანდათან  გაუქმდება. ეს ნიშნავს, რომ  ნაწილობრივი გაუქმება შეეხებათ ისეთ სფეროებსა და პროდუქტებს, რომლებისთვისაც PFAS-ისგან თავისუფალი ალტერნატივა ჯერჯერობით ვერ მოიძებნა, ან საიდანაც ამ ქიმიკატების ამოღება დიდ სოციალურ დარტყმას გამოიწვევს. მაგალითად, ისინი გვთავაზობენ 12-წლიან გარდამავალ პერიოდს იმპლანტირებად სამედიცინო პროდუქციაში. თუ რამდენად მარტივია ან შესაძლებელი PFAS-ის ჩანაცვლება, ეს დამოკიდებულია მისი გამოყენების ტიპებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ის ადვილად ჩანაცვლდება, რადგან ალტერნატივები არსებობს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს რთულია, რადგან ალტერნატივები შესაძლოა არც გამოჩნდეს. კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოცემულია წინადადებაში, რომელსაც ამჟამად სამეცნიერო კომიტეტები სწავლობენ. ამ წუთას არ შემიძლია, საბოლოო პასუხი გითხრათ, თუ რა მოსაზრებები გამოითქმება და ზუსტად რა ვადები დადგინდება, მაგრამ აღნიშნული წინადადება სწორედ ამ თემებს მოიცავს“.

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა შეზღუდვები ან რა პირობებით. ევროკომისია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იტყვიან საბოლოო სიტყვას.

მაგრამ თუკი ასე მოხდა, ეს იქნება ევროპაში ქიმიკატების რეგულირების ქვაკუთხედი, რადგან ის PFAS-ის ოჯახში შემავალ ყველა ნივთიერებას შეეხება.

და ამის შემდეგ ინდუსტრიები ვეღარ შეძლებენ PFAS-ის ჩანაცვლებას კიდევ ერთი PFAS-ით.

ავტორი: ნატალია ელსნერი

წყარო: ევრონიუს ჯორჯია