ალბათ მედიაში შეგხვდებოდათ ამბავი სათაურით, რომ „გოძილა ელ-ნინიო“ გვიახლოვდება. ნამდვილი ამბავი კი შემნდეგია — 80-პროცენტიანი შანსი იმისა, სექტემბერში ელ-ნინიო ჩამოყალიბდეს. მოდელების უმეტესობა ზომიერ მოვლენას პროგნოზირებს, მაგრამ ზოგიერთი მიუთითებს, რომ ის შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, ე. წ. სუპერ ელ-ნინიო.

ამის მიუხედავად, უფრო ფართო სურათი სულაც არ არის დამამშვიდებელი. რაც არ უნდა ძლიერი აღმოჩნდეს ეს ელ-ნინიო, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომდევნო ათწლეულებში ნამდვილად მოხდება უფრო საზიანო ელ-ნინიოს მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ სამომავლო მოვლენები შეიძლება ძლიერი არ იყოს, მათი ეფექტები უფრო დიდი იქნება გამთბარ მსოფლიოში.

„სტანდარტული ელ-ნინიოს მოვლენაც კი მომავალში უფრო დიდ რეგიონულ და გლობალურ გავლენას მოახდენს“, — ამბობს სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი აქსელ ტიმერმანი.

კიდევ უფრო საგანგაშო კი ისაა, რომ ტიმერმანისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ელ-ნინიოს და ლა-ნინიას მოვლენები (ცნობილი, როგორც ENSO მოვლენები) გაცილებით ძლიერი გახდება და გავლენას დაიწყებს ატლანტის ოკეანის აუზის ამინდზეც, რაც მათ გავლენებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ჩვენი უახლესი კომპიუტერული მოდელის სიმულაციები პროგნოზირებს გადასვლას უფრო რეგულარულ და გაცილებით ძლიერ ელ-ნინიო – ლა-ნინიას მოვლენებზე, ასევე მათი გავლენების გაძლიერებაზე მათგან შორეულ რეგიონებზე, განსაკუთრებით ევროპაზე“, — აღნიშნავს ტიმერმანი.

ელ-ნინიოს ფენომენი წყნარ ოკეანეში წყალსა და ქარებს უკავშირდება. ე. წ. ნეიტრალურ პირობებში, პასატური ქარები დასავლეთის მიმართულებით, ეკვატორის გასწვრივ ჰქრის, ზედაპირის წყალი დასავლეთით მიაქვს და თბილ წყალს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში აგროვებს. ცივი წყალი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან ამოდის და ანაცვლებს დასავლეთით წაღებულ თბილ წყალს, მაშინ, როცა თბილი, ნოტიო ჰაერი დასავლეთში დაგროვებული თბილი წყლები ზემოთ ადის და უხვი წვიმის წარმოქმნას იწვევს.

მაგრამ ზოგჯერ, პასატი ქარები სუსტდება და მიმართულებასაც კი იცვლის, რაც ამ თბილი წყლის რაღაც ნაწილს აღმოსავლეთის მიმართულებით წასვლის საშუალებას აძლევს. აღმოსავლეთით ინაცვლებს წვიმების ზონაც, რაც აღმოსავლეთის ქარებს აძლიერებს — ერთ-ერთ იმ დადებით უკუკავშირის მარყუჟს, რომელიც ელ-ნინიოს წარმოქმნას იწვევს. ეს აღმოსავლეთით გადანაცვლება ასევე იწვევს გვალვებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ავსტრალია და ინდონეზია, სამხრეთ ამერიკაში კი წყალდიდობებს.

სწორედ ამიტომ განაპირობებს ელ-ნინიო პლანეტის ზედაპირის სწრაფ გათბობას. თბილი წყლის უფრო დიდი ზონა იწვევს უფრო მეტ აორთქლებას, წყლის ენერგია ლატენტური სითბოს სახით გამოიყოფა ღრუბლების წარმოქმნისას, რა დროსაც დიდი ოდენობით სითბო წყნარი ოკეანიდან ატმოსფეროს გადაეცემა.

ელ-ნინიოს სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ რა ოდენობის თბილი წყალი და რამდენად შორს წავა ის აღმოსავლეთით, სამხრეთ ამერიკისკენ. ეს იმით იზომება, თუ ჩვეულებრივზე რამდენად მეტად თბება ცენტრალური და აღმოსავლეთ წყნარი ოკეანე. განსაზღვრებები ცვალებადია, მაგრამ მიჩნეულია, რომ ელ-ნინიო მაშინ ხდება, როცა ზღვის ზედაპირის ტემპერატურული ანომალია 0,5°C-ს აჭარბებს. სუპერ ელ-ნინიო სამეცნიერო ტერმინი არ არის, მაგრამ გამოიყენება 2°C-ზე მაღალი გადაჭარბების დროს; ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის მკვლევრის, ადამ სკაიფის თქმით, გოძილა ელ-ნინიო კი შეიძლება უწოდონ 3°C-ზე მეტით გადაჭარბებას.

ელ-ნინიოს ჩამოყალიბების შემდეგ, ასევე ჩნდება უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟები. კერძოდ, წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში წარმოქმნილ უფრო მეტ ღრუბელს აქვს გაციების ეფექტი, რაც ნეიტრალური პირობების დაბრუნებას ან ლა-ნინიაზე გადასვლას იწვევს, რომელშიც დასავლეთის პასატი ქარები ძლიერდება და ზედაპირზე ამოსულ ცივ წყალს ჩვეულებრივზე უფრო დასავლეთით გადააადგილებს.

აღრიცხულთა შორის სამი ყველაზე ძლიერი ელ-ნინიო დაფიქსირებულია 1982-1983, 1997-1998 და 2015-2016 წლებში. ყველა მათგანმა უდიდესი ზიანი მიაყენა ადამიანებსა და ველურ ბუნებას, გამოიწვია მარჯნის რიფებისა და წყლის სხვა არსებების მასობრივი დახოცვა.

ინდიანის უნივერსიტეტის მკვლევრის, კრისტოფერ კალაჰანის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თითოეულმა სუპერ ელ-ნინიომ ასევე გამოიწვია ტრილიონობით დოლარის ზარალი.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ეკონომიკური დანაკარგის მასშტაბი პირდაპირ არის დაკავშირებული წყნარ ოკეანეში ტემპერატურის სიძლიერესთან. თუკი წელს ძლიერი ელ-ნინიო წარმოიქმნა, წინა წლების მსგავსად უნდა ველოდოთ ტრილიონობით დოლარის ზარალს“, — ამბობს კალაჰანი.

ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევრის, რიჩარდ ალანის განცხადებით, მსოფლიოს გათბობის კვალდაკვალ, სამომავლო ელ-ნინიოები და სუპერ ელ-ნინიოები კიდევ უფრო საზიანო იქნება.

მისივე თქმით, ENSO-სთან დაკავშირებული წყალდიდობები უფრო გაძლიერდება, რადგან ატმოსფეროში მეტი ტენი იქნება, რაც ნიშნავს წვიმის დროს უფრო მეტი ნალექის მოსვლას. უფრო ხანგრძლივი და ძლიერი იქნება გვალვებიც, რადგან როცა ცხელა, ნიადაგი უფრო სწრაფად შრება.

ზოგიერთი კლიმატური მოდელი ასევე მიუთითებს, რომ დათბობა გააძლიერებს უკუკავშირის იმ მარყუჟებს, რომლებიც ENSO მოვლენებს მართავს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი ელ-ნინიოები და ლა-ნინიები ერთმანეთში სწრაფი გადასვლებით, რაც კიდევ უფრო გაართულებს ხალხის შეგუებას გამთბარ მსოფლიოსთან.

„ეს უნდა ნიშნავდეს გაცილებით დიდ რყევებს მსოფლიოს მრავალ რეგიონში ნორმალურზე მეტი ნალექის მქონე და გვალვის მქონე წლებს შორის“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევარი მალტე შტაკერი.

კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ჯგუფის კვლევის თანახმად, ეს უფრო ძლიერი რყევები გამოიწვევს ENSO მოვლენების მამოძრავებელ ძალას და მათ სინქრონიზაციას კლიმატურ ფენომენთან, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური რყევის სახელითაა ცნობილი. ეს კი ევროპაში წყალდიდობებსა და გვალვებს შორის დიდ რყევებს გამოიწვევს.

„ეს იქნება რეჟიმის დიდი ცვლილება ევროპისთვის, რადგან ამჟამინდელ კლიმატში, ჩვენ ვერ ვხედავთ ელ-ნინიოს დიდ გავლენას ევროპის ამინდის მახასიათებლებზე“, — ამბობს შტაკერი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაღალი დამაჯერებლობა, იმავე სიძლიერის ელ-ნინიო უფრო საზიანო იყოს, გაცილებით ნაკლებია იმის დამაჯერებლობა, რომ ელ-ნინიო უფრო ინტენსიური გახდეს.

„ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას სამომავლო ქცევასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი უთანხმოებაა“, — ამბობს სკაიფი.

მისი განცხადებით, ელ-ნინიოს გაძლიერებაზე ყველა კლიმატური მოდელი არ მიუთითებს. თუმცა, მრავალი მათგანი თანხმდება ახლო კავშირებზე ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ატლანტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება ელ-ნინიოს გავლენები წყნარი ოკეანის მიღმა.

ტიმერმანის თქმით, თუკი ENSO მოვლენები უფრო გაძლიერდება, ისინი განუსაზღვრელი ვადით არ გააგრძელებენ გაძლიერებას. გაძლიერებას ნაწილობრივ განაპირობებს წყნარი ოკეანის უმეტეს ნაწილში წყლის ზედა 100 მეტრის სისქის ფენის სწრაფი გათბობა. მისი თქმით, როგორც კი წყლის ქვედა ფენების ტემპერატურა ზედა ფენებისას დაეწევა და ტემპერატურული სხვაობა შემცირდება, ENSO მოვლენებიც შესუსტდება.

რაში მდგომარეობს პრობლემა? ასეთი შესუსტება 2150 წლის შემდეგ შეიძლება აღარ მოხდეს…

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი