რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) კოლეგიის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელები შავ ზღვაში რუსული გაზსადენების აფეთქებას გეგმავენ.

პუტინის მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია ФСБ-მ მიიღო. არ გავრცელებულა ბრალდების დამადასტურებელი საბუთები. ეს დღეს, სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, უკრაინისადმი გავრცელებული მეორე ბრალდებაა. აქამდე რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ. ამ ცნობასთან დაკავშირებით პუტინმა მუქარაც გააჟღერა.

"მოწინააღმდეგე თავს არ იკავებს არანაირი სხვა საშუალებისგან. ალბათ მედიაში უკვე გავრცელდა: მათი მცდელობა, ან განზრახვა, გამოიყენონ რაღაც ბირთვული კომპონენტიც კი. ალბათ ესმით, ეს რით შეიძლება დასრულდეს. ახლა ჩვენი ოპერაციული ინფორმაცია მიდის მედიაშიც, დღეს ალბათ უკვე გავრცელდებოდა, ვერ მოვასწარი ნახვა - საუბარია შავი ზღვის ფსკერზე ჩვენი გაზის სისტემების შესაძლო აფეთქებაზე. ეს არის ე.წ. თურქული ნაკადიდა ცისფერი ნაკადი. ვერანაირად ვერ წყნარდებიან. არ იციან, რა გააკეთონ, რომ დიპლომატიური გზით დარეგულირების ეს სამშვიდობო პროცესი ჩაშალონ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩაიდინონ რაღაც პროვოკაცია და გააფუჭონ ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, რაც ამ მოლაპარაკებების ფარგლებში იქნა მიღწეული." - თქვა პუტინმა.

თურქული ნაკადი რუსეთსა და თურქეთს შორის გამავალი გაზსადენია, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივი აირით ამარაგებდა. ცისფერი ნაკადი ასევე რუსეთსა და თურქეთს შორის გამავალი მილსადენია.

აქამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებაში ირწმუნებოდნენ, რომ "ბრიტანული და ფრანგული ელიტები არ არიან მზად შეეგუონ დამარცხებას" და გეგმავენ უკრაინის ბირთვული იარაღით შეიარაღებას, რათა "კიევს საბრძოლო მოქმედებების დასრულების უფრო მეტად მომგებიანი პირობები ჰქონდეს, თუ ექნება ატომური ან, სულ მცირე, ე.წ. "ბინძური" ბომბი". ამ ბრალდების ფონზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და უკრაინას ბირთვული იერიშებით დაემუქრა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსული უწყებები უკრაინას ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ. ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის მხრიდან ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების საფრთხე არსებობდა. 2023 წლის ივნისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" აფეთქებას გეგმავდა. არც ერთი მსგავსი ბრალდების შემდეგ რუსეთს დამადასტურებელი სამხილები არ გამოუქვეყნებია. 

"ბინძური ბომბი" არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.