საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებლის ლევან ბერულავას შეფასებით, საქართველოში სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებელია, საფუძვლიანი კვლევა და სტრატეგიული გეგმა.
„ტურიზმის სექტორში მთავარი ფაქტორი მენეჯმენტი და ქვეყნის ყველა კუთხის თანაბარი განვითარებაა“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში დარგის წარმომადგენელმა და მაგალითისთვის აღნიშნავს, რომ ღამის ფრენები სტუმრებისთვის დისკომფორტს ქმნის - დამატებით ხარჯებს წარმოქმნის და აფერხებს სასტუმროში შესვლის პროცესს. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ასეთი დეტალები ქმნიან ქვეყნებსა და ქალაქებზე მოთხოვნას და საქართველომ ამ მიმართულებით კერძო სექტორთან ერთად პროაქტიურად უნდა იმუშაოს.
ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისთვის კი ლევან ბერულავა სამ ფაქტორს გამოყოფს - ღამის ფრენების მოწესრიგებას, ლოკალური პროდუქტის განვითარებას და ბიზნესის მხრიდან საინტერესო შესაძლებლობებს. Salt Projects-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 18 თებერვალს თბილისში გამართულ სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმზე - Hospitality Investment Forum 2026-ს, დარგის წარმომადგენლებმა სწორედ ასეთ საჭიროებებზე ისაუბრეს.
„საჭიროა ქვეყნის ყველა კუთხის თანაბარი განვითარება. არ მგონია, რომ ბაზარზე მიწოდება ჭარბი იყოს, რადგან მოთხოვნა არსებობს. შესაბამისად, ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე, რაც საუკეთესოდ გამოსდის. გადამწყვეტი ფაქტორი მენეჯმენტია — სწორად მართვა წარმატების საფუძველია.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი თითოეული კუთხე მნიშვნელოვანია, იქნება ეს მთა, ზღვა თუ სხვა ტურისტული მიმართულება. აუცილებელია სტრატეგიული გეგმა და საფუძვლიანი კვლევა. სახელმწიფოსა და ტურიზმის სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, რათა მოთხოვნებზე დაყრდნობით სწორად დაიგეგმოს საჭიროებები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ავიამიმოსვლა. როგორც კონფერენციაზეც აღინიშნა, ღამის ფრენები ხშირად პრობლემას ქმნის. მნიშვნელოვანია პირდაპირი და დღის საათებში შესრულებული ფრენები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. როდესაც ტურისტი გამთენიისას ჩამოდის, მას უწევს წინა ღამის დაჯავშნა, რადგან სასტუმროში შესვლა, როგორც წესი, დღის სამი საათიდანაა შესაძლებელი. ეს დამატებითი ხარჯია და დისკომფორტს ქმნის. ასეთი დეტალები სტუმრის გამოცდილებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ტურისტულ ტრენდებს — ლოკალურობა უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენს პროექტებშიც სწორედ ამ ხელწერას მივყვებოდით: ადგილობრივი ელემენტების ინტეგრაცია, ავთენტიკური გარემო, რაც ადგილობრივებსაც იზიდავდა და ტურისტებისთვისაც ხარისხის მაჩვენებელი იყო. მოგზაური ყოველთვის ეძებს ადგილებს, სადაც ადგილობრივები დადიან, ეს ნდობისა და ავთენტიკურობის ნიშანია.
ბიზნესის მხრიდანაც არსებობს საინტერესო შესაძლებლობები. მაგალითად, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი ელემენტები, როგორიცაა ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი, რაც დაბალ სეზონზეც უზრუნველყოფს სპორტული ჯგუფების სტაბილურ დატვირთვას. ასეთმა გრძელვადიანმა ხედვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს სეზონურობის დაბალანსება და ბიზნესის მდგრადობა“, - განაცხადა ბერულავამ.
ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს თბილისმა სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმს - Hospitality Investment Forum 2026-ს უმასპინძლა. საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა კავკასიას, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონს მოიცავს. ღონისძიება ფოკუსირებული იყო ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე. ღონისძიებას 800-ზე მეტი პირი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ინვესტორები, დეველოპერები და გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლები.