სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთი ევროპაში სამხედრო ბაზებთან ახლოს უძრავი ქონებას ყიდულობს, რაც კოორდინირებული თვალთვალის, საბოტაჟის და ფარული თავდასხმებისთვის იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსმა ჯაშუშებმა დასავლეთ ევროპაში შეძენილი უძრავი ქონება „ტროას ცხენების“ ქსელად გადააქციეს, რათა კოორდინირებული საბოტაჟის კამპანია წამოიწყონ.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ეს ინფორმაცია ევროპის სადაზვერვო სამსახურებში დაადასტურეს.
„სუსტი სამართლებრივი ჩარჩოების გამოყენებით, რუსეთის საიდუმლო დანაყოფები ეჭვმიტანილები არიან ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებთან სიახლოვეს მდებარე სენსიტიური უძრავი ქონების შესყიდვაში. ჰიბრიდული ომის ესკალაციის მიზნით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებმა, სავარაუდოდ შეისყიდეს საზაფხულო აგარაკები, დასასვენებელი კოტეჯები, საწყობები, მიტოვებული სკოლები, ბინები და კუნძულებიც კი, რაც გამოყენებული იქნება კოორდინირებული თვალთვალის, დივერსიისა და ფარული თავდასხმების მოსაწყობად“, – ნათქვამია სტატიაში.
სამი ევროპული სადაზვერვო სააგენტოს მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები „ტელეგრაფთან“ საუბარში გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ შესაძლოა, რუსეთს უკვე ჰყავდეს ამ ადგილებზე მობილიზებული ფარული აგენტები, რომელთაც აქვთ ასაფეთქებელი ნივთიერებები, დრონები, იარაღი და მათი გააქტიურება კრიზისი დროს მოხდება.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, კონვენციური სამხედრო თავდასხმის ნაცვლად, კრემლმა შეიძლება სცადოს ნატო-ს მედეგობის შემოწმება ე.წ. ნაცრისფერ ზონაში და ამ მიზნით მოაწყოს თავდასხმები, რომელთა უარყოფაც მოსკოვს თავისუფლად შეუძლია. მათ შორის, რუსებმა შეიძლება, სცადონ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკული ქსელების პარალიზება. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება უფრო რთული იქნება.
„ტელეგრაფის“ მიხედვით, „რუსეთს ასევე ადანაშაულებენ ჯაშუშური გემებისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებსა და სხვა ადგილებში წყალქვეშა კაბელებთან ახლოს სენსორებისა და დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებაში.“
„ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სამხედრო და მნიშვნელოვან სამოქალაქო ობიექტებთან უძრავი ქონების შეძენა, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ რუსეთი ანალოგიურ სტრატეგიას ხმელეთზეც მიმართავს“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში მოყვანილია ფინეთის მაგალითი და საუბარია, რომ ფინეთის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია ერთ-ერთი კომპანიის მიერ არქიპელაგის ზღვის სიახლოვეს 17 უძრავი ქონების შესყიდვამ, რომელთა უმეტესობაც მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტებისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს მდებარეობს.
„ტელეგრაფის“ ცნობთ, ყველაზე გამაოგნებელი შემთხვევაში კუნძულ საკილუოტოსთან ახლოს მოხდა, როდესაც 2018 წელის სექტემბერში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ კუნძულზე ვერტმფრენებითა და კატერებით შენიღბული მებრძოლები ჩაიყვანეს. გამომძიებლებმა კუნძულზე აღმოაჩინეს შვიდი პირი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, სათვალთვალო კამერები, მოძრაობის სენსორები. ასევე შენიღბული ყაზარმები, რომლებიც აღჭურვილი იყო თანამგზავრული ანტენებით და თანამედროვე საკომუნიკაციო აპარატურით. ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფინეთმა უშუალოდ მოსკოვს არ დადრო ბრალი, თუმცა თაღლითობაში დაადანაშაულა კომპანიის რუსი მფლობელი პაველ მელნიკოვი. მას შარშან პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. რუსეთმა კი ჯაშუშობის ბრალდება უარყო.
სტატიის მიხედვით, 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ, რუსეთმა სავარაუდოდ უარი თქვა, ფინეთის მსგავსი დიდი პროექტებზე და ამის ნაცვლად, უფრო მცირე მასშტაბით მოქმედების სტრატეგია აირჩია. შედეგად კი ევროპაში შეიძინა ასობით და შესაძლოა, ათასობით არაფრით გამორჩეული უძრავი ქონება, რომლებსაც სათვალთვალოდ და იარაღის შესანახად იყენებს.
ასეთი უძრავი ქონების გამოვლენის შემთხვევების მაგალითებად ტელეგრაფს მოჰყავს შარშან ნოემბერში პოლონეთის ხელისუფლების მიერ დახურული გდანსკში მდებარე რუსეთის საკონსულო და დიდი ბრიტანეთში, აღმოსავლეთ სასექსში მდებარე შენობა, რომელსაც ლონდონმა დიპლომატიური სტატუსი ჩამოართვა, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა აღნიშნული უძრავი ქონებიდან გაშვებული დრონი შენიშნეს. სტატიაში ასევე დასახლებულია ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საბჭოთა პერიოდის კურორტები, რომლებიც ლატვიამ დახურა და ამის მიზეზად დაასახელა, რომ ისინი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო პლაცდარმად ფარული ოპერაციების ჩასატარებლად.
გამოცემის ცნობით, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს რუსი კერძო პირებისა და კომპანიების მფლობელობაში უძრავი ქონების გამოვლენა. ასეთ მაგალითად, სტატიაში დასახელებულია ნორვეგიაში, არქტიკაში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან ახლოს მდებარე სახლები, რომლებსაც კრემლთან დაკავშირებული პირები ფლობენ.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ასევე შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ეკლესიამ შეისყიდა ნორვეგიასა და შვედეთში სამხედრო საზღვაო ბაზებთან ახლოს მდებარე უძრავი ქონება.
ამ კონტექსტში ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში ევროპის სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სტრატეგიულ უძრავ ქონებაში დიდწილად შეუფერხებლად ინვესტირების უფლების მიცემა მნიშვნელოვანი საფრთხის ვექტორია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას.