„აქამდე სამუშაო ნებართვას სჭირდებოდა მაქსიმუმ 2 კვირა, თანაც, იწყებდი მუშაობას და მერე მიიღებდი ნებართვას. ახლა დაახლოებით 3 თვე უნდა დაელოდო, სააგენტოები უკვე პირდაპირ უარს გვეუბნებიან დასაქმებაზე. ადამიანები უკან ბრუნდებიან საქართველოში. გავიგეთ, იბერია გაბრწყინდაო და აგუგუნებულია ალბათ ქარხნები,“ – გვიყვება პოლონეთში მცხოვრები ნინო სარაჯიშვილი, ერთ-ერთი იმ ათასობით ქართველს შორის, ვისაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეუძლია.

პოლონეთმა საქართველო უკვე ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება. საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლიდან შეეძლოთ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება. საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის პოლონეთში დასაქმება სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალება იყო. 2025 წლის პირველი დეკემბრიდან მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ნინო სარაჯიშვილი გვიყვება, რომ ახლა ათასობით ქართველს უწევს საქართველოში დაბრუნება, ქართველი ემიგრანტების ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად დარჩენას ცდილობს.

„მე 4 წელია ვცხოვრობ პოლონეთში. დეკემბერში წამოვედი სამსახურიდან, რადგან მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვდა და ამ დროს შევიდა კანონში ცვლილება. 3 თვე ლოდინის რეჟიმი ფაქტობრივად იმხელა ბარიერია, რომ შეუძლებელი ხდება დასაქმება. როცა ცხადდება ვაკანსია, მყისიერად სჭირდებათ კადრი. ამიტომაც, სააგენტოში პირდაპირ უარი მითხრეს, ვერ დაგელოდებით 3 თვეო.

ფოტოზე ნინო სარაჯიშვილი, პოლონეთი

ბინადრობის ნებართვა მაქვს, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

როცა სამსახური არ გაქვს, არც დაზღვევა გაქვს. შეიძლება ქუჩაში მოკვდე. მინიმუმ 1000 დოლარი გჭირდება თვეში, რომ აქ თავი გაიტანო. სად აქვს ემიგრანტს ამდენი ფული? ფული რომ არ აქვს, იმიტომ ჩამოდის აქ.

პოლონეთიდან უფრო გერმანიაში გადადიან და როგორც ხდებოდა წლების წინ – არალეგალები ხდებიან. მშიერ ადამიანს ფარატინა ფურცელი ვერ შეაჩერებს. მე ყოველთვის კანონიერ გზებს ვეძებდი…

პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ თავად პოლონელები გასული არიან ქვეყნიდან. მძიმე სამუშაოზე ძირითადად დაბალი განვითარების ქვეყნების მოსახლეობაა დასაქმებული, ეს იწვევს სხვადასხვა პრობლემას… არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ პოლონეთი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში და ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას უკავშირდებოდეს.

ფაქტია, რომ ეს უდიდესი ბარიერია ჩვენთვის, საერთოდ არ ვიცი, რა უნდა ვქნა,“ – გვითხრა ნინო სარაჯიშვილმა.

„პოლონეთში ფირმების 90% საერთოდ უარს ამბობს უკვე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში.

„დამსაქმებლებიც ნერვიულობენ. მე მყავს ერთი ძალიან კარგი პიროვნება პოლონელი, აქვს თავისი მშენებლობები, ძალიან განიცადა ეს საკითხი, იმიტომ, რომ 8 წელია უკვე საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობს, მათთან მოძებნა საერთო ენა, საკმაოდ კარგად უგებს ქართველებს და არანაირად არ უნდა სხვა დაასაქმოს,“ – გვიყვება ირინა ნამიჩეიშვილი. მისი ინფორმაციით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები ყველაზე ნაკლებად შეეხებათ მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რადგან მათზე მოთხოვნა მაღალია.

„მშენებლობაა მხოლოდ ისეთი სფერო, სადაც სულ სჭირდებათ ხალხი. ამ სფეროში არაა დიდი ლოდინის პროცესი.

სხვა სფეროებში როცა ვასაქმებდით გამარტივებული წესით, ნებართვას სჭირდებოდა დაახლოებით პლუს-მინუს ერთი კვირა. ახლა იმავეს დასჭირდება სამი თვე. ამ დროს რისკი ჩნდება, რომ იგივე სამუშაო აღარ დახვდება ადამიანს.

დამსაქმებელს ურჩევნია ამ რთული ბიუროკრატიული პროცესის გავლას, რაც ასევე დროსთან არის დაკავშირებული, სხვა ქვეყნის მოქალაქე აიყვანოს სამსახურში. ამიტომაც, საერთოდ უარს ამბობენ. ბევრი დარჩა ქუჩაში, ბევრი უკან ბრუნდება…

ვინც მუშაობდა, მათთვის არ შეიცვალა ჯერჯერობით არაფერი, ვიდრე არ მოინდომებენ სამსახურის შეცვლას და აქვთ კონტრაქტი, იმუშავებენ. ხოლო მათთვის, ვინც ვერ მოასწრო, ან უნდოდა წასვლა სამუშაოდ პოლონეთში, საკმაოდ გართულდა საქმე.

პოლონეთში ბევრს არ ხვდება ისეთი პირობები, რომ გაჩერდეს ერთ სამსახურში. შესაძლოა, ზოგიერთმა ფიზიკურად ვერ შეძლოს კონკრეტული სამუშაოს შესრულება. ვიდრე მოლოდინის რეჟიმშია ადამიანი და ელოდება ახალ ნებართვას, შეიძლება, საერთოდ დაიხუროს ვაკანსია.

გაძვირდა გადასახადიც და 400 ზლოტია [დაახლოებით 270 ლარი] ბევრი სააგენტო ამას მომსახურების თანხასაც ამატებს. არიან სააგენტოები, რომლებიც ამ 400 ზლოტს კიდევ 400-ს ამატებენ. ნებართვის მიღება უკვე სააგენტოს საშუალებით დაახლოებით 200 აშშ დოლარია.

ძირითადად დასაქმების სააგენტოების საშუალებით საქმდებოდნენ პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები. პირდაპირ რომ დაიწყო ქარხანაში მუშაობა, ეს ძალიან რთული პროცესია. არცერთ ქარხანას არ უნდა, რომ ჰქონდეს ლეგალიზაციის სამსახური, ეს მათთვის დამატებითი ხარჯია. ამას ურჩევნიათ, აიყვანონ შუამავალი, დასაქმების სააგენტო, რომელიც მოაგვარებს უცხოელების ლეგალურად დასაქმებას კონკრეტულ კომპანიაში,“ – განმარტავს ირინა ნამიჩეიშვილი.

ფოტოზე ირინა ნამიჩეიშვილი

ვისი პასუხისმგებლობაა პოლონეთში გამარტივებული პირობებით საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობის გაუქმება?

„იყო მოსაზრება, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალის გამო მიიღო პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა პოლონელი დამსაქმებლები გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანის შედეგი.

მეც ასე მგონია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის არჩევანის შედეგია ეს ყველაფერი.

ძალიან შეიცვლება ყველას სოციალური მდგომარეობა. თვეში 30-40 ადამიანს ვუშვებდი სამუშაოდ პოლონეთში, ზოგი ოჯახით მიდიოდა. რატომ მიდიოდა ადამიანი იქ სამუშაოდ? – ვერ შოულობდა სამსახურს საქართველოში, ან თუ შოულობდა, ისეთი მიზერული ხელფასით, რომ ფიზიკურად ვერ არჩენდა ოჯახს. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი ახლა უკიდურეს გაჭირვებაში ამოყოფს თავს ჩემი თამადობით.

ქვეყნიდან გადის ამდენი ადამიანი და იქიდან არჩენენ ოჯახებს, შენს ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფ ამ ხალხს ელემენტარულით, არ ვსაუბრობ რაღაც ფუფუნებაზე, თუ ვერ ეხმარები, არ უნდა გაუფუჭო საქმე მაინც, ხომ? მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ფაქტია, რომ შევეჯახეთ ისეთ პირობებს, რომ ამ ყველაფრის გამო ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც არანაირი დახმარება არა აქვთ სახელმწიფოსგან, ყველა გზა დაუკეტეს იმისთვის, რომ თვითონ გადაირჩინონ თავი.

ამ რეალობაში კიდევ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებაც შეუზღუდეს.

ხანდახან მგონია, რომ სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ ჩვენ და მთავრობა,“ – გვითხრა ირინა ნამიჩეიშვილმა.

batumelebi.netgazeti.ge