ბრიუსელმა უფლება მისცა პოლონეთს, ბელარუსიდან წამოსულ მიგრანტებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება შეუჩეროს. ბრიუსელში განმარტავენ, რომ რუსეთი და ბელარუსი მიგრანტებს, როგორც იარაღს, ისე იყენებენ, რაც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი ბრიუსელის გადაწყვეტილებას ემხრობა და ამბობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის საზღვარზე უკვე გაიზარდა საფრთხე.
„მათ შეეძლებათ, თავშესაფრის უფლება შეუზღუდონ მიგრანტებს. ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაცრ პირობებში და კანონიერად. ეს ნიშნავს, რომ რეგულაციები უნდა იყოს დროებითი, პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევებისთვის“, – ამბობს ჰენა ვირკუნენი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, რუსეთი და ბელარუსი მიგრანტებს ძალადობისკენ უბიძგებენ. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვები უკანონოა.
ორგანიზაციების თქმით, როდესაც უკანონოდ და არაჰუმანურად ეპყრობიან თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს, პოლონეთი არღვევს თავის ეროვნულ ვალდებულებებსა და ევროკავშირის კანონმდებლობას.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ბელარუსიდან ევროკავშირში თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა 66%-ით გაიზარდა. მათგან უმრავლესობას რუსული ვიზები ჰქონდა.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია