პოლონელმა ბიომეტრიული ტექნოლოგიების მოყვარულებმა დანიელ ჯაზომბმა და რადოსლავ რუდამ თვალებზე დაფუძნებული გადახდის ტექნოლოგია შეიმუშავეს.

Forbes-ი წერს, რომ მათი კომპანია PayEye შესაძლოა აშშ-სა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შევიდეს.

5 წელი დასჭირდა თვალის გუგით სკანირებით გადახდის ტექნოლოგიის შემუშავებას და თანმხლები ეკოსისტემის განვითარებას, ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და პარტნიორების ნდობის მოპოვებას და საპილოტე პროექტების დაწყებას.

კომპანიის კომერციული ოპერაციები პოლონეთში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს: თვალების დახმარებით შეგიძლიათ გადაიხადოთ 200-ზე მეტ დაწესებულებაში, თუმცა ძირითადად ვროცლავში, სადაც თავად დამფუძნებლები ცხოვრობენ.

კომპანია აშშ-ში საპილოტე პროექტის დასაწყებად ემზადება, სადაც ადგილობრივი გუნდი უკვე შეიკრიბა და კომერციულ გარიგებებს გეგმავენ. გარდა ამისა, მომავალ წელს დუბაიში ამოქმედდება პილოტი.

PayEye უკვე თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს საკრედიტო ბარათების გამცემებთან - Visa და Mastercard-თან, IT Card-თან და ასევე ახორციელებს ინტეგრაციას ამერიკულ გადახდის კომპანია Stripe-თან, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

სტარტაპს დაფინანსების რამდენიმე წყარო აქვს: თანადამფუძნებლების ინვესტიციები, რომელმაც €1 მილიონზე მეტი შეადგინა; „ბიზნეს-ანგელოზი“, რომელმაც 1 მილიონი ევროს ინვესტიცია მოახდინა; 3 მილიონიანი ევროს ევროკავშირის სუბსიდიები; თითქმის 5 მილიონი ევრო ლიხტენშტაინის ფონდ Colters Capital-დან; ფინალურ ეტაპზე, კიდევ ერთი ფონდის რამდენიმე მილიონი ევრო.

აპლიკაციაში დარეგისტრირებისას (და დამატებით ტერმინალში მაღაზიაში პირველი გადახდისას) მომხმარებლის სახესა და თვალებს ენიჭება ბიომეტრიული კოდი, რომელიც ტელეფონის გამოყენებით გადახდის უკონტაქტო ფორმის ტოლფასია. მაღაზიებს, რომლებიც იღებენ გადახდებს თვალის გამოყენებით, აქვთ სპეციალური ტერმინალი მკითხველთან, რომელიც PayEye-მ შეიმუშავა და დაამონტაჟა. კომპანიის უახლესი ტერმინალი, რომელიც იღებს გადახდებს ბარათით, უკონტაქტოდ და თვალით სექტემბერში გამოვა.

ტერმინალს თვალებისა და სახის სკანირებისთვის 0,9 წამი სჭირდება. მზერა უნდა იყოს კონცენტრირებული კონკრეტულ მანძილზე. ჯერ თვალების სკანირება ხდება, დამატებითი უსაფრთხოებისთვის - სახის. შემდეგ ხელოვნური ინტელექტი წყვეტს საკმარისი იყო თუ არა ბიომეტრიული იდენტიფიკაცია. თუ რაიმე მიზეზით ეს საკმარისი არ არის (მაგალითად, თმა თვალებს ფარავს ან სათვალე ჭუჭყიანია), მომხმარებელს მოეთხოვება PIN კოდის შეყვანა.