პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, ავღანეთთან დაძაბულობა „ღია ომში“ გადაიზარდა.

მან ამის შესახებ პლატფორმა X-ზე დაწერა.

ასიფის თქმით, თალიბანის მთავრობამ ავღანეთი ინდოეთის კოლონიად აქცია და ქვეყანაში ტერორისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანა.

„ნატო-ს ჯარების გასვლის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ავღანეთში მშვიდობა დაისადგურებდა და თალიბანი ყურადღებას ავღანელი ხალხის ინტერესებსა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე გაამახვილებდა. მაგრამ თალიბანმა, ამის ნაცვლად, ქვეყანა ინდოეთის კოლონიად აქცია. მათ ავღანეთში ტერორისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანეს და ტერორიზმის ექსპორტი დაიწყეს.თალიბანმა საკუთარ ხალხს ძირითადი უფლებები წაართვა. მან ქალებს ის უფლებებიც კი ჩამოართვა, რომლებსაც მათ ისლამი ანიჭებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაკისტანმა ყველანაირად სცადა სიტუაციის დარეგულირება, „როგორც უშუალოდ, ასევე მეგობარი ქვეყნების მეშვეობით“, მაგრამ თალიბები „ინდოეთის მარიონეტები“ გახდნენ.

„დღეს ადგილი აქვს პაკისტანზე თავდასხმის მცდელობას, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები გადამწყვეტ პასუხს სცემენ. წარსულში პაკისტანი, ავღანეთთან მიმართებაში, დადებით როლს ასრულებდა. 50 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ 5 მილიონ ავღანელს უმასპინძლა. დღესაც კი მილიონობით ავღანელი სარჩოს ჩვენს მიწაზე შოულობს. მაგრამ მოთმინების ფიალა უკვე აგვევსო. ახლა ჩვენ ღია ომი გვექნება მათთან. პაკისტანის არმია ოკეანის გაღმიდან არ მოსულა - ჩვენ ავღანეთის მეზობლები ვართ და კარგად ვიცით ეს რეალობა“, - აღნიშნა ასიფმა.

რა არის ცნობილი ავღანეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კონფლიქტის შესახებ

2025 წლის 11 ოქტომბერს, პაკისტანმა განაცხადა, რომ თალიბანის რეჟიმმა, რომელიც ავღანეთს მართავს, პაკისტანის სასაზღვრო საგუშაგოებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც პაკისტანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.

პაკისტანი დიდი ხანია ადანაშაულებს თალიბანს იმაში, რომ ის რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „პაკისტანის თალიბანს“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც TTP, ავღანეთიდან მოქმედების საშუალებას აძლევს. თალიბანის მთავრობა ამას უარყოფს.

12 ოქტომბერს ავღანეთმა განაცხადა, რომ სროლების შედეგად, 58 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. თალიბანმა პაკისტანი დედაქალაქ ქაბულისა და ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ბაზრის დაბომბვაშიც დაადანაშაულა. ამ თავდასხმებზე პაკისტანს პასუხისმგებლობა არ აუღია.

იმავე დღეს, პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი ჩაკეტა. ამან გავლენა მოახდინა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას შორის გამავალ სავაჭრო მარშრუტებზე. პაკისტანი ასევე ატარებს კამპანიას საბუთების არმქონე უცხოელების დეპორტაციის მიზნით, რომელთა უმეტესობას ავღანელები შეადგენენ. ხელისუფლების განცხადებით, 2023 წლიდან, რეპატრიაციის პროგრამის ფარგლებში, მილიონზე მეტი ავღანელი მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.

19 ოქტომბერს, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს. მხარეები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. დაპირისპირებული ქვეყნები კატარისა და თურქეთის შუამავლობით აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმების მიუხედავად, ავღანეთში მოქმედი, პაკისტანის მიმართ მტრულად განწყობილი დაჯგუფებების საკითხზე უთანხმოების გამო, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

2025 წლის დეკემბერში, პაკისტანმა და ავღანეთმა საზღვრის გასწვრივ ისევ გაუხსნეს ერთმანეთს ინტენსიური ცეცხლი.

2026 წლის 21 თებერვალს, პაკისტანმა ავღანეთში, საზღვართან ახლოს ბაზირებულ „პაკისტანის თალიბანის“ კუთვნილ შვიდ ბანაკსა და თავშესაფარზე წერტილოვანი დარტყმების შესახებ გააკეთა განცხადება.

წყარო: 1 არხი