„ეს ადგილი ჩვენი იყო კომუნისტების დროიდან, მეთევზეთა კავშირს ეკუთვნოდა. გვაქვს ძველი დოკუმენტები, ამიტომაც, მერიას ვერ ექნება იგივე მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, რაც გვერდით მშენებარე რესტორნის მიმართ“, – ამბობს ბათუმის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, „ლურჯი ტალღის“ მესაკუთრე, იორდან ბიკოვი.

ბათუმში მისი რესტორანი ე.წ. თევზის ბაზრობის უკან, სანაპიროზე, გამჭვირვალე შუშის შენობაში სტუმრებს უკვე მასპინძლობს. მართალია ჯერ, „საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, რესტორანში ხალხმრავლობა არ არის, მაგრამ სტუმრები მაინც არიან.

იმავეს ამბობს  რესტორან „ზღვის ვარსკვლავის“ მესაკუთრე ამირან ბერიძე.

„აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ადგილად. გავასუფთავეთ, მოვაწყვეთ, დავასაქმეთ ადამიანები, ფაქტობრივად ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენს ამბავს ბულვარის მოიჯარეების ამბავს ნუ შეადარებთ, იქ სხვა ვითარება იყო“, – გვითხრა მან.

რესტორანი „ლურჯი ტალღა“. 2026 წლის 24 თებერვალი. 

რესტორანი „ლურჯი ტალღა“

კითხვაზე, თუ არსებობს დოკუმენტები, რაც საკუთრებას ადასტურებს, ასევე, რატომ არ იზრუნეს რესტორნების მესაკუთრეებმა, რომ მფლობელობა ოფიციალურად დაედასტურებინათ და რესტორნების საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექციათ, იორდან ბიკოვი გვპასუხობს, რომ ეს მათ არ შეუძლიათ და დახმარებას სწორედ მერიისგან ელიან: „ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ამას მოვაგვარებთ“.

იორდან ბიკოვის და ამირან ბერიძის ნაამბობით, წლების წინ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში, აქ მეთევზეების შენობა დაიწვა, მასთან ერთად განადგურდა დოკუმენტების ნაწილიც: „გადარჩა მხოლოდ ისინი, რომლებიც მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა წაღებული“. 

იორდან ბიკოვმა გვაჩვენა მეთევზეების ძველი ჩანაწერების ჟურნალი და არქივიდან ამოღებული დოკუმენტი, რომელიც 1980 წლით თარიღდება. მისი ვერსიით, ეს ერთ-ერთია იმ დოკუმენტებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ადგილი „მეთევზეთა კავშირს“ ეკუთვნის.

ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმის სანაპიროზე უკანონო რესტორნების ამბავი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამ რესტორნების გვერდით მშენებარე რესტორანი ბათუმის მერიამ დაშალა.

უკანონოდ მშენებლობის დაწყება, დასრულება, სართულების დაშენება, ამ შენობებში რესტორნების გახსნა, უკანონოდ აშენებული ფართობების გასხვისება პრობლემების გარეშე, ბათუმში წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა. მართალია, ამას ყველა ვერ ახერხებს, მაგრამ ბევრს კარგად გამოსდის. „ბათუმელები“ არაერთ ასეთ შემთხვევაზე წერდა გასულ წლებში. 

ერთ-ერთ უკანონო რესტორანზე 25 თებერვალს, საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია საუბრობდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. მან რესტორანი „რუსთაველი“ ახსენა, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე უკანონოდ ააშენეს და დღესაც უპრობლემოდ მუშაობს.

ფაქტია, წლების დამკვიდრებულმა პრატიკამ ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ თავადაც „შემდგომში შეძლებენ მოგვარებას“.

სანაპიროზე უკანონოდ მშენებარე რესტორნის ნგრევას, გვერდით მდებარე რესტორნებში დასაქმებულები ადევნებდნენ თვალს, მათ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სამსახურის დაკარგვის ვერ დაუშვებენ.

დასაქმებულებზე რესტორნის მფლობელებმაც გაამახვილეს ყურადღება:

„არის ხალხი, ვინც აქ 10 წელზე მეტ ხანს მუშაობს, მთლიანობაში ამ რესტორნებში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, – გვითხრა იორდან ბიკოვმა.

„ჩვენ აქ ინვესტიცია განვახორციელეთ, ცნობილ ადგილად ვაქციეთ“, – ამბობს ამირან ბერიძე.

აქ, სანაპიროზე, რესტორნები რკინა-ბეტონის მცირე ზომის შენობებით, დიდი შუშის დარბაზებითა და ზღვაში გამავალი პირსებით, უკვე წლებია მუშაობს და თანდათან გაფართოვდნენ კიდეც. მიწის ნაკვეთები, სადაც ეს რესტორნები ფუნქციონირებს, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

არაოფიციალური საუბრისას უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ ისინი, ვისაც პლაჟზე ან პლაჟთან ახლოს საქმიანობისთვის საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით სოლიდური გადასახადი აქვთ დაკისრებული და გარკვეული პირობების შესრულებაც ევალება.

„ჩვენ ვართ კანონიერად, საიჯარო გადასახადს ვიხდით, ვცდილობთ არ გავჩერდეთ, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, გამოწვევის წინაშე ვართ. სხვები გაფრთოვდნენ და საიჯარო გადასახადებსაც არ იხდიან. ეს სწორია?!“ – გულდაწყვეტით გვეკითხება ერთ-ერთი ობიექტის მესაკუთრე. 

2020 წელს ამ რესტორნებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მერიას უმოქმედობაში დასდო ბრალი.

აუდიტორი წერდა, რომ მერიამ დროულად არ გამოავლინა და არ აღკვეთა უნებართვო მშენებლობები, არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება მშენებლობის შეჩერების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული 2 და 3-სართულიანი შენობების დემონტაჟის შესახებ, რის შედეგადაც ქალაქში გაჩნდა რვა შენობა „სივრცითი დაგეგმარების, კონსტრუქციული განაშენიანების, არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის გარეშე, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაძლო შეუსაბამო“.

აუდიტორის დასკვნაში დასახელებული რესტორნები: „ზღვის ვარსკვლავი“ , „ფიშლანდია“ , „ლურჯი ტალღა“ და „პონტო“, რომელსაც შემდეგ „ნეპტუნი“ დაარქვეს, დღესაც ფუნქციონირებს. აქედან ორ მათგანში სტუმრები დახვდა, სხვები კი საკურორტო სეზონის დაწყებამდე გაჩერებულია.

„ზღვის ვარსკვლავი“

როცა გარემოზე მიდგება საუბარი, რესტორნების მესაკუთრეები იხსენებენ, რა ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ზღვის სანაპიროს ეს კონკრეტული მონაკვეთი სარესტორნო ადგილებად ექციათ:

„ეს ადგილი ჩვენ გავხადეთ პოპულარული. აქედან მანქანებით გავზიდეთ ნაგავი, შემდეგ რეკონსტრუქცია გავუკეთეთ პირსს და მოვაწყვეთ. ვინ არ დადის აქ, უცხოეთიდანაც ჩამოდიან. გიდებს ჩამონათვალში უწერიათ, რომ სხვა ადგილებთან ერთად ჩვენი რესტორნებიც უნდა აჩვენონ ტურისტებს. ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – ამბობს იორდან ბიკოვი.

„არა მგონია ჩვენ აქ მუშაობით ვინმეს ხელს ვუშლიდეთ“, – აგრძელებს ამირან ბერიძე.

რესტორნების ირგვლივ დანაგვიანებულ ტერიტორიას ახლაც ნახავთ.

ირგვლივ სანაპირო დასუფთავებული ნამდვილად არ არის

აუდიტის 2020 წლის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ მერიამ რესტორნების მესაკუთრეებს ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კანონის შესაბამისად ორჯერ დააჯარიმა და სააღსრულებო ფურცელიც გამოსცა.

ეს გადაწყვეტილება რესტორნების მფლობელებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. დასრულდა თუ არა პროცესი და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ამის შესახებ ვკითხეთ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და მერიასაც, თუმცა ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. 

რესტორნების მფლობელების პოზიციას იზიარებს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე, რომან ჯიქიაც.

ის ამბობს, რომ ადგილი და ბალაგანები ფაქტობრივად მეთევზეების ტრადიციული საკუთრებაა:

„აქედან გადიან ნავები თევზჭერისთვის დღესაც. გარდა ამისა, ჩვენ იქ გვაქვს აფროსნობის კლუბი. ყოველთვის გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად დარეგულირებულიყო, არაერთხელ მივმართეთ ბათუმის მერიას, როგორც ზეპირად, ისე – წერილობით.

რომ ვერ მივიღეთ პასუხები, მივმართეთ აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომ დაწყებულიყო ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ პასუხებს დღემდე ველოდებით. მე პირადადაც არაერთხელ მივმართე და კოლექტიური წერილებიც შევიტანეთ, მაგრამ არაფერი. პასუხი არ მიგვიღია“, – გვითხრა მან.

სტუმრებისთვის ამ რესტორნების მთავარი ხიბლი ზღვაზე გასასვლელი პირსებია

რატომ არ განიხილეს რესტორნების მფლობელების განცხადებები წლების განმავლობაში და რატომ არ შესთავაზეს მათ წინადადება პრობლემის გადასაწყვეტად? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა ბათუმის მერიამ უპასუხოდ დატოვა. 

ამავე დროს, ფაქტია, რომ ამ რესტორნების ფუნქციონირებას წლებია ხელი არ შეშლია, გარკვეული შეთანხმების შემთხვევაში კი, შესაძლებელი იყო, მერიას ადგილზე გაცილებით ორგანიზებული, მოწესრიგებული და კანონს დაქვემდებარებული გარემო მიეღო, თუმცა ასე არ მოხდა. 

აუდიტორი თავის დასკვნაში ამტკიცებდა, რომ მერიამ უნებართვოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაიწყო, 2019 წელს. ანგარიშში წერდნენ იმასაც, რომ აქ მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წელს დაიწყეს.

Google Earth-ის ეს ფოტო, რომელი 2018 წელს არის გადაღებული, გვაჩვენებს, რა ვითარება იყო აქ 2018 წელს

იგივე ადგილი 2024 წელს

აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეექვსე წელს, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. რა ბედი ელის რესტორნებს თევზის ბაზართან, აქ არ იციან.

როგორი იყო სანაპირო 2014 წელს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

batumelebi.netgazeti.ge