ამერიკულმა კომპანიამ, OpenAI-მ, რომელიც „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) შემქმნელია, ავსტრალიას სახელმწიფო რესურსებზე ხელოვნური ინტელექტის მოდელების უნებართვო წვდომის გამო საჯაროდ მოუბოდიშა. ამის შესახებ OpenAI-ის განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიამ პირობა დადო, რომ  უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს და ავსტრალიაში საპარლამენტო მოსმენაზე საკუთარ წარმომადგენელს გააგზავნის.

„ჩვენ უკეთ უნდა გვემოქმედა რეაგირების თვალსაზრისითაც. ბოდიშს გიხდით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალში უკეთ ვიმოქმედოთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2026  წლის ივნისში, ტესტირების დროს, OpenAI-ის მოდელებმა ავსტრალიის სამედიცინო დაზღვევის სისტემის სტატისტიკური ანგარიშგების პორტალზე, ახალი სამხრეთ უელსის შტატის კრიმინალური სტატისტიკის ბიუროს, ასევე ვიქტორიის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და ავსტრალიის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის მონაცემებზე წვდომა უნებართოვოდ მოიპოვეს.

ყველაზე სერიოზული ინციდენტი ავსტრალიის სამედიცინო დაზღვევის სისტემის სტატისტიკური ანგარიშგების სერვისს უკავშირდებოდა. ექსპერიმენტულმა მოდელმა, რომელიც საჯარო გამოყენებისთვის არ იყო განკუთვნილი, სისტემაში შეღწევის შესაძლებლობა აღმოაჩინა. მან ბრძანებები შეასრულა, მოიპოვა შიდა ფაილები, ანგარიშის მონაცემები და შეჯამებული სტატისტიკა, ასევე ჩაწერა ფაილები.

OpenAI-ის განცხადებით, ინდივიდუალური სამედიცინო ჩანაწერები და მომხმარებელთა მონაცემები არ დაზარალებულა.

კომპანიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ გაძლიერდა შეზღუდვები ინტერნეტზე კვლევითი მოდელების წვდომის მიმართულებით და გაფართოვდა მათი მოქმედებების მონიტორინგი.
მანამდე „ოუფენეიმ“ ასევე შეაჩერა საკუთარი ყველაზე მძლავრი მოდელების ტესტირება, დამატებითი დამცავი ზომების დანერგვამდე.

გარდა ამისა, კომპანია ავსტრალიის უწყებებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ასევე შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც ავსტრალიელი დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან დაკავშირებული რისკების შემცირების ზომებზე იმუშავებს.

ინციდენტთან დაკავშირებით OpenAI-ის სტრატეგიის დირექტორი ჯეისონ კვონი შეერთებული შტატებიდან ავსტრალიაში ჩავა და 6 ოქტომბერს სიდნეიში ავსტრალიის პარლამენტის ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მომუშავე გაერთიანებული სპეციალური კომიტეტის მოსმენაზე წარდგება.

პირველი არხი