Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ქონება $200 მილიარდს ჩამოსცდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა. ვარდნა დაკავშირებულია Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც, OpenAI-ის წლიური შემოსავლის მიმდინარე ტემპი ინვესტორებისთვის მანამდე მიწოდებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია.
ხუთშაბათის სავაჭრო სესიის დასრულებისას Nvidia-ს აქციების ფასი 3%-ით, $230.48-მდე შემცირდა, ხოლო Oracle-ის აქციები 5.6%-ით გაუფასრუდა და $135.55 შეადგინა.
Financial Times-ის ინფორმაციით, OpenAI-მ ინვესტორებს განუცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს კომპანიის წლიური შემოსავლის ტემპი დაახლოებით $50 მილიარდს შეადგენდა და არა $68 მილიარდს, როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. სხვა მედიასაშუალებების ცნობით, $68 მილიარდის მაჩვენებელი პარტნიორი კომპანიებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალსაც მოიცავდა. ამგვარი გაანგარიშება, სავარაუდოდ, OpenAI-ის შემოსავლების Anthropic-ის მაჩვენებლებთან შედარებას ისახავდა მიზნად.
სიახლემ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე ზეწოლა გააძლიერა, რადგან ინვესტორებში კვლავ არსებობს ეჭვი, შეძლებენ თუ არა ისინი ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების შესაბამისი შემოსავლების გენერირებას.
Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის ქონება ხუთშაბათს $6.1 მილიარდით შემცირდა. Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება $199.3 მილიარდს შეადგენს. ჰუანგი რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.
Oracle-ის თანადამფუძნებელმა, თავმჯდომარემ და ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ლარი ელისონმა კი ერთ დღეში $8.9 მილიარდი დაკარგა. მისი ქონება $176.8 მილიარდამდე შემცირდა, რაც მას Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მერვე ადგილს ანიჭებს.
აქციების ვარდნა სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც შეეხო: Intel-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა, CoreWeave-ისა კი თითქმის 7%-ით.
OpenAI Nvidia-სა და Oracle-ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია – პირველი კომპანიას გრაფიკულ პროცესორებს აწვდის, მეორე კი ღრუბლოვან გამოთვლით რესურსებს. შესაბამისად, OpenAI-ის შემოსავლების ზრდის ტემპთან დაკავშირებულმა ეჭვებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ინვესტორების მოლოდინებზე იმ კომპანიების მიმართაც, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნით სარგებელს იღებენ.
მიუხედავად აქციების ბოლოდროინდელი ვარდნისა, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $6 ტრილიონს უახლოვდება. კომპანია ასევე პირველი იყო, რომლის საბაზრო ღირებულებამ $5 ტრილიონს მიაღწია.
Nvidia-ს ფინანსური შედეგები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდას ნათლად ასახავს. კომპანიის მონაცემთა ცენტრების მიმართულების შემოსავალმა მეორე კვარტალში $89 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 117%-ით მეტია. მთლიანობაში, Nvidia-ს კვარტალურმა შემოსავალმა $96.2 მილიარდს მიაღწია, წლიურ ჭრილში 106%-იანი ზრდით. მიმდინარე კვარტლისთვის კომპანია დაახლოებით $108 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს.