ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატო აპირებს, ბალტიის ზღვაში გემების გაგზავნით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურა დაიცვას და პარალელურად, რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიეროს. ფინეთის ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის (Yle) ინფორმაციით, ოპერაცია ამ კვირის ბოლოს დაიწყება.
Yle-ის ცნობით, ბალტიის ზღვაში ნატო-ს 10-მდე ხომალდი შევა და რეგიონში აპრილამდე დარჩება.
ფინეთის ყურეს, ძირითადად, კვლავ ესტონური და ფინური გემები დაიცავენ და ამ საქმეში მათ ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდებიც დაეხმარებიან.
გემები წყალქვეშა კაბელებთან ახლოს განლაგდებიან, რაც შემაკავებელი ფაქტორი გახდება და ამ ტერიტორიაზე ახალი დივერსიის რისკს შეამცირებს.
ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელების ბოლო დაზიანების შემდეგ, ნატო-მ, 30 დეკემბერს, ბალტიის ზღვაში არსებული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.
გაერთიანებულმა საექსპედიციო ძალებმა (JEF), რომელშიც ნატო-ს 10 წევრი ქვეყანა შედის, ორშაბათს, 6 იანვარს, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ბალტიის ზღვაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურის სიახლოვეს გემების მონიტორინგისთვის, ისინი ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ.
ფინეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ კუკის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ტანკერმა Eagle S-მა, რომელიც თავის ღუზას ბალტიის ზღვის ფსკერზე მიათრევდა, 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი EstLink 2 გადაჭრა, ასევე, შესაძლოა, მონაცემთა გადამცემი 4 სხვა კაბელიც დააზიანა. ტანკერი Eagle S ე.წ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წამყვან ძალად მიიჩნევა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.
წყარო: 1 არხი