პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ლონდონის სამიტზე აპირებს, მოუწოდოს ევროპელ ლიდერებს, გააძლიერონ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი.

„ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე“, - აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში გაფრენამდე, რომლის განცხადებასაც BBC-ი ციტირებს.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.

ლონდონში, დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე, საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან: იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.

წყარო: ipn.ge