2023 წლის მონაცემებით, მუსიკალური ტურიზმის ბაზარი 6.6 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და მოსალოდნელია, რომ 2032 წლისთვის 13.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ   PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, გლობალური ტენდენციების კვალდაკვალ, ღონისძიებების და მუსიკალური ტურიზმი საქართველოშიც სულ უფრო მეტად გამორჩეული მიმართულება ხდება. მაგალითად, Starring Georgia-ს ორწლიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს 125 000-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის, 18 750 ტურისტი, რომლებმაც ქვეყანაში 60 მილიონი ლარი დახარჯეს. ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 21.4 მილიონი ლარი შეადგინა, სადაც ტურისტების წილი 16% იყო.

"საქართველოში გართობის მრავალფეროვანი ფორმები გვხვდება, მათ შორის, მსოფლიო დონის მუსიკალური კონცერტები, ეკო ფესტივალები, ჯაზი და სხვ. მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტების კონცერტები Black Sea Arena-ზე, Tbilisi Open Air - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი და ART-GENE FEST - ტრადიციული მუსიკის, ცეკვისა და ხელნაკეთობების მთავარი დღესასწაული.

Starring Georgia-ს მუსიკალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფოსგან 70 მილიონი ლარის ღირებულების სუბსიდიას იღებს, ქვეყანამ სხვადასხვა ცნობილ მომღერალსა და ბენდს უმასპინძლა. 

2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტებმა, რომლებიც მოიცავდა კონცერტებზე, ფესტივალებზე, გამოფენებსა ან კინოთეატრებში წასვლას, ან ადგილობრივ დღესასწაულებში მონაწილეობას, 99.7 ათასი შეადგინა (მთლიანი საერთაშორისო ვიზიტების 5%), ხოლო შიდა ვიზიტებმა - 33.9 ათასი (მთლიანი შიდა ვიზიტების 0.6%). 2024 წლის III კვარტალში იმ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა, რომლებმაც ზემოხსენებული აქტივობებიც განახორციელეს, დაახლოებით 66.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით", - აღნიშნულია მიმოხილვაში.