მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მაისში 27 ტონა ოქრო გაყიდეს. მაშინ, როცა აპრილში გაყიდული ოქროს მოცულობა 69 ტონა იყო.

უმსხვილესი გამყიდველი კვლავ თურქეთის ცენტრალური ბანკი იყო, რომელმაც 63 ტონა ოქრო გაყიდა. 2 მარტიდან თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ჯამში თითქმის 160 ტონა ოქრო გაყიდა, რაც წინა 12 თვის განმავლობაში ნაყიდი ოქროს ოდენობას უტოლდება. 

მაისში უზბეკეთმა 11 ტონა, ყაზახეთმა 2 ტონა და გერმანიამ 2 ტონა ოქრო გაყიდა. 

ოქროს მარაგები შეავსო 8 ქვეყანამ. პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა მარაგებს მაისში 19 ტონა ოქრო დაამატა, რითაც ოქროს მარაგი 263 ტონამდე გაზარდა. ჩინეთის სახალხო ბანკმა მაისში 16 ტონა ოქრო იყიდა. ეს შესყიდვების ზედიზედ მეშვიდე თვეა. მისი ოქროს მარაგი ახლა 2092 ტონას შეადგენს.

სხვა მნიშვნელოვანი მყიდველები იყვნენ სინგაპურის (4 ტონა), რუსეთის (3 ტონა), ინდოეთის (2 ტონა), ჩეხეთის (2 ტონა) და ყირგიზეთის რესპუბლიკის (2 ტ) ცენტრალური ბანკები.