მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტი აშშ-ს უზარმაზარ უფლებამოსილებას მიანიჭებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების კონტროლსა და მინერალური რესურსების მოპოვების სფეროში. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ და „ბლუმბერგი“ ავრცელებენ.
როგორც გამოცემები აღნიშნავენ, შეთანხმების ახალი ვერსიაში უფრო აგრესიული მოთხოვნებია წარმოდგენილი როგორც მინერალური რესურსების, ასევე უკრაინის ენერგეტიკული აქტივების კონტროლთან დაკავშირებით. ასევე, დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიები.
ამასთან, შეთანხმება უკრაინის მთელ მინერალურ რესურსებს მოიცავს. მათ შორის ნავთობსა და გაზს, ასევე საკვანძო ენერგეტიკულ აქტივებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს საავტომობილო და სარკინიგზო გზების, მილსადენების, პორტებისა და გადამამუშავებელი ქარხნების ექსპლუატაციასაც.
მედიის ცნობით, ამ პროექტებიდან მიღებული სარგებლის კონვერტირება უნდა მოხდეს უცხოურ ვალუტაში და გადაიგზავნოს საზღვარგარეთ, ხოლო დაყოვნების ან დავების შემთხვევაში კომპენსაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უკრაინა იქნება. ნავთობის, გაზისა და სხვა სასარგებლო წიაღისეული მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი კი ორ ქვეყანას შორის, სპეციალური საინვესტიციო ფონდის საშუალებით გაიყოფა.
აშშ შეინარჩუნებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უფლებას და რესურსების მესამე ქვეყანაზე გაყიდვის დროს ვეტოს უფლებას.
როგორც მედია წერს, საინვესტიციო ფონდს საერთაშორისო განვითარების ამერიკული ფინანსირების კორპორაცია DFC გააკონტროლებს. დირექტორთა საბჭოს ხუთი წევრიდან სამს სწორედ აღნიშნული კორპორაცია დანიშნავს და ასევე ექნება უფლება, დაბლოკოს გარკვეული გადაწყვეტილებები. უკრაინას მხოლოდ ორი წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება და ვერ შეძლებს ჩაერიოს ფონდის ყოველდღიურ მართვაში.
შეთანხმების პროექტის თანახმად, უკრაინა ვალდებული იქნება, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან და ბუნებრივი რესურსების მოპოვებიდან მიღებული შემოსავლის 50% ფონდში გადარიცხოს. ამავდროულად, აშშ-ის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეტანილი წვლილი ამ პარტნიორობაში შეტანილ წვლილად ჩაითვლება. ასევე აშშ-ს ექნება უფლება უფლება მთელ მოგებაზე, პლუს წლიური 4%, იქამდე, ვიდრე მისი ინვესტიცია „გამოისყიდება“.
როგორც გამოცემები წერენ, შეთანხმება არ არის დროში განსაზღვრული და უკრძალავს კიევს, მიჰყიდოს მნიშვნელოვანი მინერალები აშშ-ისთვის „სტრატეგიულად კონკურენტულ“ ქვეყნებს.